სტატიები

გურჯაანის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის შესახებ შსს-მ გამოკითხვები დაიწყო

გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი მანანა ჯანჯიბუხაშვილი მოქალაქესთან ხმამაღალ საუბარს ადასტურებს, თუმცა შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარს გამორიცხავს.
,,მომხდარი ამბავი მედიის საშუალებით არასწორად გავრცელდა, დაირღვა ჩემი უფლებები. მასალა სავსე იყო ჩემ მიმართ ცილისწამებით, ამიტომ ამას ასე არ დავტოვებ და წავალ სასამართლოში. ჩანაწერი, რაზედაც არის საუბარი, ფარულად გააკეთა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. იქ არცერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ ისმის, თუმცა ვადასტურებ, რომ მომიწია ხმამამაღალი ტონით საუბარი მას შემდეგ, რაც მოქალაქე ეკატერინე პეტრიაშვილს რამდენჯერმე ავუხსენი, რომ ჩემი კომპეტენცია არ იყო საგარანტიო ბარათების გამზადება და გაცემა. ვაცნობიერებ და ხმამაღალი ტონის გამო ვიხდი ბოდიშს, არც სასჯელს გავექცევი. მოქალაქე გამგეობაში მოსული იყო მედიკამენტების შესაძენად საჭირო 100 ლარის გამოყოფის თაობაზე. საბუთებში ეწერა 70 ლარი და ამან გამოიწვია ქალბატონი ეკას გაღიზიანება,“ – განუცხადა Knews.ge-ს ჯანჯიბუხაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი ნათია გიორგაძე აცხადებს, რომ ეკატერინე პეტრიაშვილს ჰქონდა ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რის გამოც მას პერიოდული მკურნალობა სჭირდებოდა. 
,,ეკატერინე ველისციხეში ცხოვრობდა და ვიცნობდი. ის იყო 46 წლის მარტოხელა, სოცალურად დაუცველი სტატუსის მატარებელი. ხშირად მოდიოდა ჩვენთან და ყოველთვის ვეხმარებოდით. ამჟამად მის საბუთებში – თანხაში იყო ცდომილება და გარკვეული თანხა აკლდებოდა მკურნალობის 1 კურსის დასაფარად. გადავწყვიტე, 100 ლარი დამემატებინა პირადი ხარჯებიდან და ვთხოვე, ანგარიში მოეტანა, რომ ეს თანხა დამერიცხა მისთვის. შემდეგ გავიგე, რომ ცუდად გახდა და გადაიყვანეს გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეკატერინე გარდაიცვალა თრომბოემბოლიით“, – განუცხადა Knews.ge-ს ნათია გიორგაძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ გარდაცვლილი ქალბატონი მარტოხელა იყო და არ ყავდა საკუთარი ოჯახი, knews.ge შეეცადა, ახლობლებს გასაუბრებოდა, თუმცა მათ საკითხის კომენტირებისაგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა 46 წლის სოციალურად დაუცველმა მარტოხელა ეკატერინე პეტრიაშვილმა გამგეობას ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის მიმართა. პეტრიაშვილს მკურნალობის კურსისთვის170 ლარის ოდენობის თანხა სჭირდებოდა. იგი, სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტ მანანა ჯანჯიბუხაშვილს სთხოვდა გაერკვია, რატომ ეწერა საგარანტიო ფურცელში 100-ის ნაცვლად 70 ლარი. ამის შემდეგ გამგეობაში სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტსა და მოქლაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტიდან ცოტა ხანში ქალბატონისთვის საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება. იგი, გადაიყვანეს გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
როგორც knews.ge_ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეკატერინე პეტრიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება, რადგან საჩივრით არავის მიუმართავს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ გამოკითხვები დაიწყო.