ლაგოდეხში მარტოხელა მოხუცს სოციალური დახმარება მოუხსნეს
სოციალურად დაუცველი ამბობს, რომ სახლი, რომლის გამოც მას დახმარება მოუხსნეს, ნგრევის პირას არის. იამზე ჯიბღაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დახმარების მიღებას ვეღარ შეძლებს, შიმშილობა ემუქრება.
„მარტო ვცხოვრობ უკიდურეს სიდუხჭირეში, არანაირი შემოსავალი არ მაქვს, მიწის ნაკვეთიც კი არ გამაჩნია. დაბადებიდან ვარ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირი, რის გამოც ფიზიკური შრომაც არ შემიძლია, არც პენსია მაქვს. წამალს საერთოდ ვერ ვყიდულობ, მაგრამ პურის გარეშე როგორ ვიარსებო. სოციალური დახმარება ოქტომბერში მომიხსნეს, მანამდე 3 წლის განმავლობაში ვიღებდი სოციალურ დახმარებას და ცოტა შეღავათი მქონდა. მივმართე ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს და მითხრეს დახმარება, სახლი რომ გაქვს, მაგიტომ მოგეხსნაო და ნოემბრამდე არაფერი გეშველებაო. მანამდე კი შიმშილით მოვკვდები“,– განუცზადა humanrights.ge-ს იამზე ჯიბღაშვილმა.
იამზე ჯიბღაშვილის პრობლემას ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტო შეისწავლის.
კანონმდებლობით ოჯახის შემდგომი გადამოწმება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ფოტოები: humanrights.ge