ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება დაიწყო
კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელის (CENN) ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც, ძირითადად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი სოციალური ტყეკაფებით ხორციელდება, საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა.
„სატყეო და ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულმა კვლევებმა დააფიქსირა შეშის დეფიციტი და დრამატული სხვაობა შეშის წლიურ მოხმარებასა და სახელმწიფოს მიერ კანონიერად გამოყოფილი საშეშე ხეტყის ოდენობას შორის. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მომზადება დაიგეგმა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების იმპლემენტაციის საგზაო რუკით განისაზღვრა. შეშის ერთ-ერთ ალტერნატივად ჭრის ნარჩენებისგან და მეორადი ხეტყის ბიომასისგან წარმოებული ბრიკეტი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, გაეროს ფინანსური მხარდაჭერით და CENN-ის, GIZ-ისა და საქართველოს მწვანეების მონაწილეობით, ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს როგორც წარმოების, ასევე მოხმარების ევროპული ტექნოლოგიების შერჩევას და შესყიდვას, საწარმოო ციკლის გამართვას, ხე-ტყის შერჩეული უბნების ნარჩენებისაგან გაწმენდას და პრაქტიკული გადამზადების/ჩვენებების ციკლის განხორციელებას დაინტერესებული მხარეებისათვის“, – განაცხადეს CENN-ში.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის ცნობით, საწარმოსთვის შენობა ახმეტის მუნიციპალიტეტმა გამოყო. GIZ-სა და CENN-ის ექსპერტებმა საველე კვლევები უკვე ჩაატარეს, დანადგარები შეარჩიეს და ტენდერი გამოაცხადეს. მათ, ასევე, მოამზადეს პირველადი ანგარიში, რომლის მიხედვითაც შეირჩევა სატყეო ფართობები ძირნაყარი ხეტყის გამოსატანად.