თელავში ახალგაზრდული ფესტივალი „მხიარული დღეების“ ჩატარება იგეგმება
,,თელავის რაიონის 7 სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მოამზადეს პეტიცია, რომლითაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების მუხლიდან დააფინანსოს ახალგაზრდული ფესტივალი „მხიარული დღეების“ ჩატარება. პეტიციაზე ხელი მოაწერა 7 სოფლის (აკურა, წინანდალი, კურდღელაური, ნაფარეული, ყარაჯალა, რუისპირი, ვარდისუბანი) 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ. შეხვედრას დაესწრებიან გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ახალგაზრდები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს და ფესტივალის გეგმას”, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
პროექტში „ახალგაზრდული ინიციატივები სოფლად“ 7 სოფლის 35 ახალგაზრდა იყო ჩართული. მათ გაიარეს ტრენინგები, ჩაატარეს სამუშაო შეხვედრები საკრებულოსა და გამგეობაში, შეიმუშავეს ფესტივალის გეგმა, სლოგანი და ლოგო.
შეხვედრის დასასრულს პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პროექტი განხორციელდა NDI-ის ფინანსური მხარდაჭერით.