“უნდა გავიტანოთ პოლიტიკური კონიუქტურა აკადემიური სივრციდან”
იგი, სააგენტო ,,კვირასთან” ყურადღებას ამახვილებს სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის ჯანსაღ პროტესტსა და აკადემიურ სივრცეში არსებულ პრობლემებზე. თამარაშვილის განცხადებით, განათლების სისტემაში თითქმის 25 წელია არ განხორციელებულა რადიკალური რეფორმა, რომელიც აკადემიურ პროცესს გააჯანსაღებდა.
,,განათლების სისტემაში არსებული პრობლემები დღეს არ იღებს სათავეს. ხდებოდა ფორმალური ცვლილებები, რეფორმები, რომლებიც ყოველთვის ექვემდებარებოდა პოლიტიკურ კონიუქტურას. წითელი ინტელიგენცია, რომელიც გაბატონებულია კასტის სახით დღევანდელ აკადემიურ სისტემაში, სათავეს იღებს საბჭოთა პერიოდიდან. მათ არ ჩამორჩება ვარდისფერი ინტელიგენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ვარდისფერი რეჟიმის, ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. განათლების ეს სისტემა შექმნილია მათ მიერ, რაც მიუღებელია სტუდენტებისთვის და მეცნიერთა ჯანსაღი ნაწილისთვის. როდესაც საზოგადოებაში ჩნდება პროტესტის მაღალი მუხტი, განპირობებულია ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებით. განათლების სისტემაში არსებული ქსელი მართავს პროცესებს. მას ექვემდებარება უნივერსიტეტში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესი. იმედია, რომ ყველა ისაუბრებს იმ მახინჯ სისტემაზე, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და გამოიწვია ასეთი მაღალი პროტესტი. ღია და საჯარო საუბარი უნდა დაიწყოს იმ საკითხებზე, როგორიცაა სტუდენტებზე ზეწოლა და აკადემიურ სივრცეში ჩარევა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიტანოთ პოლიტიკური კონიუქტურა აკადემიური სივრციდან“, – განაცხადა დავით თამარაშვილმა.
მისივე განმარტებით, უმაღლესი განათლების შესახებ კონცეფცია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და რომლის ამოქმედებასაც სტუდენტები ითხოვენ, დღმდე თაროზეა შემოდებული.
,,2012 წლის არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კადრები. არც სტრუქტურები შეცვლილა უნივერსიტეტებში, რომელიც იცავს მათ, ვინც ეს შექმნა. რაც შეეხება უმაღლესი განათლების კონცეფციას, მისი ბედი დასრულდა საჯარო მადლობის გადახდით. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე პროგრესულ მიდგომებს ითვალისწინებს და უნდა დანერგილიყო სისტემაში. მის განხორციელებაზე ფიქრი დღეს არ არსებობს, რადგან მისი დანერგვა სისტემის რღვევას გამოიწვევს.
მინდა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი არის მაღალი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური შეგნების ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ დაპირება, რომელიც სტუდენტების მისცა, შესრულდება. სტუდენტებმა შეწყვიტეს კიდეც აქციები რაც განპირობებულია პრემიერის მაღალი ნდობით. ისინი ელოდებიან ხელისუფლებიდან შესაბამის ნაბიჯებს. როდესაც არ სრულდება ეს დაპირება, მაშინ სტუდენტები ანახლებენ პროტესტს, რაც ბუნებრივი და სამართლიანია“, – აღნიშნა თამარაშვილმა.