ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილი ოქსფორდის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს
“გერმანელმა ბიჭმა, იონას ლიოფლერმა, რომელიც ოქსფორდში ქართულ ენას სწავლობს, გამომიგზავნა ოქსფორდის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი და მის მიერ ტელეფონით გადაღებული ილია ჭავჭავაძის პირადი წერილი უცნობი ქალბატონისადმი (სავარაუდოდ მარჯორი უორდროპისადმი), დათარიღებული 20 მაისით. გული გამიჩერდა“, – წერს ირმა შიოლაშვილი.
„მოწყალეო ხელმწიფევ! ხვალ, ესე იგი 21 მაისს, მე დიდის სიამოვნებით გიახლებით საუზმისათვის დანიშნულ საათზე. ძალიან ვწუხვარ, რომ კნეინა ოლგას ვერ შეუძლია თქვენთან ხლება, რადგანაც ცოტად ავად არის. თქვენი ღრმად პატივის-მცემელი ილია ჭავჭავაძე,“ – წერს ილია ჭავჭავაძე.
მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და. შვიდ უცხო ენასთან ერთად მან შეისწავლა ქართულიც და იმოგზაურა საქართველოში. უორდროპმა თარგმნა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“, წმინდა ნინოს ცხოვრება და სხვა ნაწარმოებები. ბრიტანელმა სწავლულმა ინგლისურად თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი. მისი გარდაცვალების, შემდეგ, 1912 წელს კი მისმა ძმამ, სერ ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“.