ბლოგები

გარემოს დაცვა, ანუ თავდაცვა

 

,,გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია, აუცილებელია, თითოეული ადამიანის მოვალეობაა“ –  ასეთ ფრაზებს და მიმართვებს საქართველოში ხშრად მოისმენთ. ალბათ, მსოფლიოშიც ასე ხდება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იქ სიტყვას საქმედ აქცევენ, ჩვენთან კი, სიტყვის საქმედ გადაქცევა, ცოტა არ იყოს, რთულია.

საქართველოში უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემა არსებობს, მაგრამ მოსახლეობის თვალისთვის ყველაზე მარტივად შესამჩნევი და აღსაქმელი ალბათ ნარჩენების პრობლემაა.  ნარჩენების, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  ნარჩენები ყველგანაა – ქუჩაში, ხეებზე, ბუჩქებში, ხევებში, ბალახში და ეს სია უსასრულოდ გაგრძელდება, თუ არ ვიპოვით გამოსავალს!

გამოსავალი კი ნარჩენების დახარისხება და შემდგომ მათი მდგრადი მართვაა!

ნარჩენების დახარისხება სახეობების მიხედვით ხდება. საქართველოში შესაძლებელია ნარჩენების დახარისხება ოთხი სახეობის მიხედვით: ქაღალდი, ორგანული ნარჩენი, პლასტმასი და მინა.

რაც შეეხება მათ მდგრად მართვას,  ქაღალდი, პლასტმასი და მინა გადამუშავდება, რის შედეგადაც იგივე პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, ორგანული ნარჩენების კომპოსტირება კი ჩვენი ეზოების, ვენახების, ბაღებისა და უბრალოდ ოთახის მცენარეების ნაყოფიერი ნიადაგით მომარაგებას უზრუნველყოფს. დიახ, ორგანული ნარჩენი(მაგ.ხილისა და ბოსტნეულის ნათალი, კვერცხი) დაშლის შედეგად ნაყოფიერ ნიადაგად გარდაიქმნება.

თუმცა, ნარჩენების დახარისხების პროცესის დაწყება, არც თუ ისე მარტივია.  ამ საკითხზე ისეთივე ორაზროვანი წარმოდგენა გვაქვს, როგორც იმაზე, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი. ზოგიერთი ადამიანის აზრით, ნარჩენების სეპარაცია მაშინ უნდა დაიწყოს, როცა საქართველოს ექნება ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები.  ჩემი მოსაზრება ზემოთაღნიშნულს არ ემთხვევა. თუ ერი, რომლსაც ჯერ არასდროს დაუხარისხებია ნარჩენი, არ მიეჩვია აღნიშნულ ქმედებას, ნარჩენების გადამუშავებას აზრი არ ექნება, რადგან პირველ ეტაპზე, ნარჩენებს ვერ დავახარისხებთ სწორად, არასწორად დახარისხებული ნარჩენი კი დააზიანებს გადამამუშავებელ ქარხნებს.

ვიდრე ქარხნებს ავაშენებთ, დახარისხებასთან შეგუება რომ არის საჭირო, კარგად აჩვენა პროგრამის ,,ნარჩნების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ პროექტმა თელავის მუნიციპალიტეტის 5 საპილოტე სოფელში. სოფლებში ნარჩენების დასახარისხებელი ურნები დაიდგა, თუმცა შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა. მოსახლეობა სწორად არ/ვერ ახარისხებს ნარჩენს, მაგრამ დროთა განმავლობაში მცირე პროგრესი იგრძნობა.

ნარჩენების დახარისხების იმ მეთოდს, როდესაც მოსახლეობა თავად ახარისხებს ნარჩენს, წყაროსთან დახარისხება(სეპარაცია) ჰქვია.  გარდა წყაროსთან სეპარაციისა, არსებობს დახარისხების მეორე მეთოდი – ცენტრალიზებული. აღნიშნული მეთოდი კი გულისხმობს ყველა ნარჩენის ერთად შეგროვებას, და შემდგომ, მომსახურე პერსონალის მიერ დახარისხებას. თუმცა, აღნიშნული მეთოდი აპრობირებული და სოციალურ ცვლილებაზე ორიენტირებული მეთოდი არაა, რადგან სხვის ხარჯზე ცხოვრებას გვაჩვევს, ანუ ,,მე არ დავახარისხებ – იქ დაახარისხებენ“ პრინციპის დანერგვას უწყობს ხელს.

ხშირად ვუსვამ საკუათარ თავს ერთი შეხედვით ძალიან მარტივ, მაგრამ რეალურად ძალიან რთულ შეკითხვას: გვეშველება რამე?

სიმართლე გითხრათ, მგონია რომ გვეშველება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს, რომლებსაც განვითარებულ ქვეყნებში ინტელექტუალებს ეძახიან, ხშირად მოვუსმენთ. გვეშველება იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ქვეყნების პრაქტიკას გავიზიარებთ. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რადგან ვიცით ევროპის ქვეყნების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მათი დაშვებული შეცდომები ამ სფეროში. ამიტომ, თუ ჩვენ მათ პოლიტიკასა და დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებთ, შეუძლებელი არაფერია.

დედამიწა ხომ ჩვენი სახლია. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ვერ ხვდება, რომ მსოფლიოში, ჩვენს მიკრო სამყაროს ვერ შევქმნით, საჭიროა მსოფლიოს, რომელიც უკვე დიდი ხანია ვითარდება, ნაბიჯი ავუწყოთ და ჩვენც განვვითარდეთ. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი გარემო,  წინაპრებისგან კი არ გვერგო საჩუქრად, არამედ ვისესხეთ შთამომავლობისგან.

 

 ავტორის შესახებ:  გიორგი ორკოდაშვილი არის 16 წლის. სწავლობს  თელავის N1 საჯარო სკოლის- მეათე კლასში. 

აი, მოკლედ მისი ბიოგრაფია: 

დავიბადე 2000 წლის 29 თებერვალს. მომდევნო 8 წელი ჩვეულებრივი, თამაშის მოყვარული, ბეჯითი და, ამავდროულად, ძალიან ცექლი ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც სხვა ჩემი ასაკის ბავშვებისგან გამომარჩევდა, ლაშქრობის დიდი სიყვარული იყო.

ლაშქრობა 3 წლიდან მიყვარს. ისევ იმ პერიოდს დავუბრუნდეთ, როცა 8 წლის ვიყავი. მაშინ ახდა ჩემი პირველი კარიერული ოცნება და მიზანი – გავხდი გადაცემა ,,მიკროფონის“ პატარა ჟურნალისტი. ასე გასტანა 4-მა წელმა. 12 წლამდე რუტინული ცხოვრებით ვცხოვრობდი: სახლი-სკოლა, სკოლა-სახლი. ვვოცნებობდი გავმხდარიყავი აქტიური მოქალაქე, დამეგეგმა აქციები, ჩამეტარებინა ტრენინგები და ა.შ. ვხვდებოდი, რომ ცხოვრების რუტინული სტილი ჩემი არ იყო, ენერგიას ვერ ვხარჯავდი და მივხვდი, რომ აქტიური მოქალაქეობა ჩემი მოზღვავებული ენერგიის დახარჯვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. ეს ქალი იყო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი – ნანა გარჯიკაული. მისი მეშვეობით გზა გავიკვალე სამოქალაქო საზოგადოებაში და თუ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, გავხდი აქტიური მოქალაქე. 2012 წლის 4 ნოემბერს, მე პირველ სამოქალაქო აქტივობის დაგეგმვაში მივიღე მონაწილეობა. ამ დღიდან უკვე ჩემი მთავარი საფიქრალი ის იყო, რა შეიძლება გამეკეთებინა ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის.

ვფიქრობ, აქტიურად განვლო სამმა წელმა და რამდენიმე თვემ. ამ ხნის განმავლობაში 100-მდე ტრენინგი ჩავატარე მენეჯმენტისა და გარემოსდაცვითი საკითხები შესახებ. მოვასწარი 20-მდე კონკურსი მომეგო. მონაწილეობა მივიღე 13 ეროვნულ და 2 საერთაშორისო ბანაკში. შევძელი და გავაკეთე 1 ბანაკი ჩემი ორგანიზებით, სადაც ლიდერი ვიყავი. დავაარსე კამპანია ,,დავასუფთაოთ თელავი“, რომლის ფარგლებში 150-მდე დასუფთავების აქცია ჩავატარეთ. დავაარსე კონკურსი ,,EcoSpeaker”, რომელიც ახლაც კახეთის მაშტაბით მიმდინარეობს და ბევრი მაგარი ბავშვი აღმოვაჩინეთ. შევძელი გავმხდარიყავი ჩემი სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი. ახლა კი ახალი საქმიანობა მაქვს – პროგრამა ეკო-აგენტები ნარჩენების წიანაღმდეგ პროექის მენეჯერი ვარ. შევძელი უახლოეს წარსულში, 19 მარტს დამეგეგმა აქცია ,,დედამიწის საათი 2016“, რომელმაც მაშტაბებში თბილისს გაუსწრო და 600-მდე ვიზიტორი ჰყავდა. თუმცა, ბევრი რამ ვერ შევძელი, რომლის განხორციელებაც ჩემს მიზნებშია და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნების ასრულებისთვის!