ახალი ამბები

ევროკავშირის ბაზარზე ქართული მატყლი გაიყიდება

ამ ეტაპზე ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს “ჯორჯიან ვულ” და შპს “ქართული მატყლის კომპანია”. 
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესში სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო პროდუქციის ხარისხის კონტროლი. უწყების ცნობით, მატყლის გატანის სიხშირე და საექსპორტო ფასის დადგენა დამოკიდებულია ბიზნეს ინდუსტრიაზე. 
,,ევროპამ აღიარა, რომ საქართველოში ვეტერინარული სისტემა მუშაობს. ვეტერინარული სამსახური კი პერიოდულად ახორციელებს კონტროლს იმ საწარმოებში, რომლებშიც მატყლი გროვდება და ამასთანავე აწარმოებს წვრილფეხა პირუტყვის მუდმივ მონიტორინგს. მატყლი უნდა შეგროვდეს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისგან. მომავალში კი სახელმწიფოსგან რეკომენდაცია გაეწევა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ევროკავშირის კრიტერიუმების ნუსხას დააკმაყოფილებს”,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კახა სოხაძემ.
კახეთის რეგიონში მცხოვრები მეცხვარეები წლებია, საქონლისა და მატყლის რეალიზაციის პრობლემას აწყდებიან.
მათი განმარტებით, საქართველოში პროდუქციას ვერ ყიდიან და საქონელი სარეალიზაციოდ ძირითადად აზერბაიჯანში გააქვთ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფლებში მცხოვრები მეცხვარეები იმედოვნებენ, რომ ქართული მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლა არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას და დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,კარგი იქნება თუ ჩვენც მოგვეცემა საშუალება, გავიტანოთ მატყლი ევროკავშირის ბაზარზე, ან რომელიმე ერთმა კომპანიამ ხერსაყრელ ფასად ჩაიბაროს. ეს ჩვენი ბიზნესია და ამ შემოსავლებით ვინახავთ ოჯახებს”, –განუცხადა knews.ge-ს სოფელ ქეშალოში მცხოვრებმა მეცხვარემ ნაზიმ ხალილოვმა.