სტატიები

მწერალთა სახლმა თელავში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო

 „კახეთის ხმა“  დაგეგმილ რეგიონულ პროექტებზე მწერალთა სახლის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელს, ანა მარგველაშვილს ესაუბრა.

– ანა, რა კონკრეტულ საკითხებს მოიცავს მწერალთა სახლის რეგიონული საგანმანათლებლო  პროგრამა, რა მიზანი გაქვთ და რა შედეგს ელით?

– საქართველოს მწერალთა სახლი უკვე რამდენიმე წელია რაც ღია სივრცეს სთავაზობს მწერლებს, გამომცემლებს, ლიტერატურით დაინტერესებულ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს. აქ ყოველ დღე ტარდება შეხვედრები, პრეზენტაციები, პოეზიის საღამოები. წელს უკვე მეორედ ჩატარდება თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. ვგეგმავთ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმების დაარსებას. სახლს, სადაც დღეს ვმუშაობთ, დიდი და მდიდარი ისტორია აქვს. ის თავის დროზე დავით სარაჯიშვილმა ააგო,  საბჭოთა დროს კი ამ შენობაში მწერალთა კავშირი იყო განთავსებული.

ჩვენ ორგანიზაციას ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა ემუშავა რეგიონებშიც, რადგან მწერალთა სახლის ღონისძიებებზე დაინტერესებული ადამიანები რეგიონებიდან, როგორც წესი, ვერ ჩამოდიან.  ჩვენ კი გვსურს, მხოლოდ თბილისით არ შემოვიფარგლებოდეთ. ამიტომაც 2015 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა დამატებითი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც, პირველ რიგში, კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათისაა და რეგიონებზეა ორიენტირებული.

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურისა და ლიტერატურული პროცესების დეცენტრალიზაცია და ცენტრისა და რეგიონის თანაბარზომიერი განვითარება. იმედი გვაქვს, მწერალთა სახლის მიერ განხორციელებული მსგავსი რეგიონული პროექტები ხელს შეუწყობს ამ პროცესს. გვჯერა, რომ კულტურასა და ლიტერატურაზე ღია დისკუსიების ინიცირება, მეტ მოთხოვნას გააჩენს მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებაზე.

– ვიცით, რომ თელავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ, რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი?

– პროექტის „საუბრები ლიტერატურაზე“  მიზანია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობა და მოიცავს ევროპის ლიტერატურის, მწერლების, ფილოსოფოსების, მოაზროვნეების შესახებ საჯარო ლექციების ციკლს. წელს ის პირველად ხორციელდება და მხოლოდ თელავის უნივერსიტეტთან ვითანამშრომლებთ. თელავის უნივერსიტეტი შეირჩა იმიტომ, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან თანამშრომლობაზე და ერთობლივ პროგრამებზე დიდი ინტერესი და ღიაობა დაფიქსირდა. იდეის შეთანხმების შემდეგ, პროექტს მხარი დაუჭირეს თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა, ბრიტანეთის საბჭომ და ფრანგულმა ინსტიტუტმა.

ვისთვისაა გათვალისიწინებული პროგრამა და ახალგაზრდების რა უნარების განვითარებას მოემსახურება თქვენი პროექტი?

– საჯარო ლექციები და თანმდევი დისკუსია განკუთვნილია, პირველ რიგში, თესაუს სტუდენტებისათვის, დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ასევე ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის; ვფიქრობთ, გარდა საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისა ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურაზე, კონკრეტულ მწერალსა თუ ნაწარმოებზე, მნიშვნელოვანია ლექციების თანმდევი დისკუსია, ღია კითხვა-პასუხი, პარალელების გავლება და რეფლექსია. პირველი ლექცია „გერმანია პოეტებისა და ფილოსოფოსების ქვეყანა“ თებერვალში უკვე ჩატარდა და საკმაოდ საინტერესო მსჯელობა გამოიწვია. გვსურს, შეიქმნას თავისუფალი, სააზროვნო სივრცეები, სადაც მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, შესაძლებელი იქნება დისკუსია.

– რა გზებს და საშუალებებს ხედავთ ახალგაზრდებს შორის კითხვის უნარების, ლიტერატურის გარშემო მობილიზაციის თვალსაზრისით. ვიცით, რომ ამ მხრივ მდგომარეობა მძიმეა.

– ამ  მიმართულებით მწერალთა სახლი ბევრს მუშაობს. სხვადასხვა პროგრამებს შორის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ალბათ უნდა გამოვყო პროგრამა „ბავშვები მწერალთა სახლში“. ყოველ შაბათს, მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში, ბავშვებისათვის იმართება შეხვედრები, სადაც საბავშვო პოეტი, ვასო გულეური, მათ ზღაპრებს, ლეგენდებს, თქმულებებს უკითხავს. ეს არ არის მხოლოდ კითხვა, არამედ შემოქმედებითი ურთიერთობა, განხილვა, მსჯელობა და სხვა თანმდევი გასართობი ღონისძიებები. პროგრამა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ბავშვისათვის.

 ასევე აღსანიშნავია, 2015 წელს ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის. კონკურსი ეხებოდა ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებათა წიგნს „ჩემი წუთისოფელი“, რომელის წაკითხვის შემდეგაც მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ესეები სხვადასხვა თემაზე. კონკურსი 2015 წელს პირველად ჩატარდა და თემაც საკმაოდ სპეციფიური, საბჭოთა წარსულის გააზრებაზე ორიენტირებული იყო; კონკურსში 70-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა,  საუკეთესო სამი კონკურსანტი კი პრიზებით დაჯილდოვდა. მწერალთა სახლი განაგრძობს მსგავსი ლიტერატურული კონკურსების ჩატარებას ყოველწლიურად, ვფიქრობთ,  ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ახალგაზრდები კონკრეტული წიგნებით დავაინტერესოთ. იმედი გვაქვს, წლიდან-წლამდე ლიტერატურულ კონკურსზე დაინტერესება მზარდი იქნება. 

 – როგორია პროექტის ვადები და სამომავლო გეგმები რას მოიცავს?

– პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე“ მწერალთა სახლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ერთი მიმართულებაა. წელს, თელავის უნივერსიტეტში დაგეგმილია წლის მანძილზე რვა საჯარო ლექციის ორგანიზება გერმანულ, სლავურ, ბრიტანულ და ფრანგულ ლიტერატურაზე. ლექციები თვეში ერთხელ ჩატარდება. 25 მარტს დაგეგმილია საჯარო ლექცია „ფრანც კაფკა – შტრიხები პორტრეტისათვის“, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე ჩაატარებს. აპრილსა და მაისში ლექციები შეეხება სლავურ ლიტერატურას („რუსული რომანტიზმის ფუნდამენტები – კარამზინიდან ლერმონტოვამდე და რუსული რეალიზმის ფუნდამენტები – გოგოლიდან ტოლსტოიმდე“) და მას ასევე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი შოთა პაპავა გაუძღვება. შემდეგ ლექციები უკვე სექტემბრიდან განახლდება.

სამომავლოდ, მწერალთა სახლის სურვილია, რომ რეგიონული პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე“ იყოს არა ერთჯერადი და ერთწლიანი პროექტი, არამედ თელავის უნივერსიტეტის შემდეგ ეტაპობრივად განევრცოს თანამშრომლობა საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც.