საოჯახო მეურნეობები კომერციული ფერმერობით უნდა შეიცვალოს
გურჯაანში გამართულ ტრეინინგს და სასწავლო ვიზიტ-ტურებს „კენკროვანი კულტურების განვითარება“ საქართველოს მასშტაბით სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქალი მეწარმეები დაესწრნენ.
პროგრამა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის შემადგენელ ნაწილს (REAP) წარმოადგენს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინასებულ 19.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოების კომერციული მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
შორენა ძოწენიძე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) გენდერის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ის ამბობს, რომ პროგრამამ ხელი შეუწყო აგრო მეურნეობებში ქალთა მონაწილეობას.
– შეხვედრები კახეთის რეგიონში შედეგიანი იყო. ქალი აგრომეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა დამატებითი კონსულტირება აგრო წარმოების საკითხებზე. ისინი ვინც ფიქრობენ, როგორ განავითარონ საკუთარი წარმოება, გახადონ უფრო შემოსავლიანი მათი საოჯახო ბიზნესი, საკუთარი თვალით ნახეს როგორ შეიძლება იმუშავონ ქალთა მეურნეობებმა. გურჯაანში ადგილზე ვნახეთ ქალბატონ იზოლდა ქიტესაშვილის მაყვლის ბაღი, აგრეთვე, მარწყვის სათბური ლაგოდეხში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალთა მონაწილეობა სოფლის მეურნეობაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ქალთა ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგალითად, ქალბატონი ეკა მიქანაია გენდერული პლატფორმის წევრია, კომერციული კენკრის ფარგლებში ტრენერია და კონსულტირებას უწევს დაინტერესებულ მეწარმეებს. მიხარია, რომ სულ უფრო მეტი ქლი ფიქრობს საკუთარი აგრო საწარმო გახსნას, ან ტექნიკურ სპეციალისტად ჩამოყალიბდეს.
ქალებს აქვთ შესაძლებლობები ჩართული იყვნენ აგრო მეურნეობებში, უფრო ღრმად შევიდნენ სპეციალობაში და გახდნენენ პროფესიონალები, რაც ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას. კომერციული ფერმერობა და აგრო საწარმოების ჩამოყალიბება არის გარდამტეხი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი აგრო მეურნეობებისათვის.
გამოცდილება მეტყველებს, რამდენად ეფექტურია ქალთა როლი, რა გამოაჩევს ქალ აგრომეწარმეებს, რა უნარებს ფლობენ ისინი განვითარებისთვის. მაგალითად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ჩატარდა კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოთა მდგრადობის საკითხზე. კვლევის თანახმად, უფრო წარმატებულად იმუშავეს და ფინანსურ კრიზისს გაცილებით უკეთ გაუძლეს იმ კომპანიებმა, სადაც მმართველ პოზიციებზე ქალები უფრო მეტი იყვნენ. ეს არის დადებითი შედეგი და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ქალთა მონაწილეობას გაცილებით მაღალი შედეგის მოტანა შეუძლია.
ჩვენი პროექტის ფარგლებში ვხმარებით ქალთა საკუთრებაში არსებულ მეწარმეებს, ვაძლევთ საშუალებას მიიღონ მეტი ინფორმაცია, დაეხმარონ ერთმანეთს გამოცდილების გაცვლის, ურთიერთ დახმარების შედეგად, – უთხრა შორენა ძოწენიძემ „კახეთის ხმას“.
აგრომეწარმე იზოლდა ქიტესაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სახელგანთქმული უეკლო მაყვლის პლანტაციებს აშენებს გურჯაანში, ამბობს, რომ პროგრამაში (REAP) მონაწილეობამ საშუალება მისცა ახალ დონეზე წარემართა დაწყებული ბიზნესი და გადამუშავებაზე ფიქრი დაიწყო. ის ამჟამად მცირე საწარმოს მშენებლობას ხელმძღვანელობს.
ყვავილების სათურის მფლობელი ახალგაზრდა აგრომეწარმე მანანა ჯარიაშვილი გამოცდილების მიღების შემდეგ მარწყვის ახალი ჯიშების დანერგვას აპირებს. „პლატფორმაში გაწევრიანებამ საშუალება მომცა ვიფიქრო ახალ შესაძლებლობებზე. მცენარეთა მოვლის ახალი, შემოსავლიანი დარგების განვითარებაზე.“ – აღნიშნავს მანანა.
მეწარმე ქალებს საშუალება ჰქონდათ ველისციხის ეთნოგრაფიული მარან-მუზეუმი „ნუმისის“ მფლობელ ნუნუ კარდენახიშვილისგან მიეღოთ ინფორმაცია აგრო ტურიზმის შესახებ.
2 დღის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ და სიახლეებმა მწარმოებლებს ახალი შესაძლებლობები უნდა გაუხსნას. პროგრამა უზრუნველყოფს სასოფლო–სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო მასალების, მომსახურების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მცირე და ახლადწარმოქმნილი კომერციული ფერმერებისთვის; აგრობიზნესების ბიზნეს-საქმიანობის, ხარისხის და მომგებიანობის ზრდას, დახმარების მიმღებ ბიზნესებთან დაკავშირებული ფერმერების უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ეხმარება მოსავლიანობის და შემოსავლების ზრდას სოფლად დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისათვის.