“საგარეჯოს არჩევნების საქმეზე გამოსაძიებელი არც არაფერი იყო”
როგორც “ინტერპრესნიუსს” ხიდაშელმა განუცხადა, გამოძიება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მისი მოსაზრებით, ერთი მხრივ, კარგია რომ ჩატარდა, რათა ამ თემაზე მსჯელობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას.
“კითხვები საგარეჯოს არჩევნებთან მე არ მქონდა და ვფიქრობ, ძალიან ბევრს არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საგარეჯოში. კითხვები ჰქონდა რამდენიმე ადამიანს, მათ პროკურატურას მიმართეს და პროკურატურამ შესაბამისი დასკვნაც დადო. ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერი იყო და გამოძიება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან ამ თემაზე საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და სასამართლოებმა იმსჯელეს. შესაბამისად, აქ გამოსაძიებელი ნამდვილად არაფერი იყო, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგია, რომ გამოძიება დაიწყო და დამთავრდა, რათა თუ ვინმეს გულის სიღრმეში მაინც ეჭვი ეპარებოდა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ თემას”, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ გამოძიებისგან არ ელოდა სხვა შედეგს, რადგან პროცესების მონაწილე იყო და კარგად იცის, რომ არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას საფუძვლად დაედო განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს.
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ვერ უწევს წინააღმდეგობას თინა ხიდაშელის და “ნაცმოძრაობის” ერთობლივ შანტაჟს.