სტატიები

,,საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს – გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით”

2016 წლის 1 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ანტიდასავლური პროპაგანდის და ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოლოდინების მართვის საკითხებზე თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო თუ საექსპერტო წრეებს შორის შეთანხმების მიღწევას და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. შეხვედრის მთავარ ამოცანას არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხისა და მიდგომების შემუშავება წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და მოლოდინების მართვაზე გაამახვილა ყურადღება.
 
„საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს, გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით. მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. დღევანდელი შეხვედრის მიზანია შევთანხმდეთ იმ პაკეტზე, რომელიც გვინდა მივიღოთ ვარშავიდან. ასევე მნიშვნელოვანია მაისში დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზეც ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. დღეს მნიშვნელოვანია, სწორედ დავგეგმოთ საკომუნიკაციო სტრატეგია და ამაზე იქნება დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება ანტიდასავლური პროპაგანდა. სამხედრო დისციპლინით მომზადებული უნდა შევხვდეთ ვარშავის სამიტს. პოზიცია უნდა იყოს შემტევი და მიზანმიმართული. კომუნიკაცია საზოგადოებასთან თამამი უნდა გვქონდეს. რუსული პროპაგანდის არსი მგდომარეობს შემდეგში, რომ ნატოც კარგია და ევროკავშირიც, მაგრამ თქვენთვის არ არის. ჩვენი მიზანია ნატოს წევრობაა, მაგრამ ამასობაში მთავარი ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კარი ჩვენ თვითონ არ ჩავკეტოთ” – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაეთმო. მეორე – ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინების მართვას და კომუნიკაციას. თავდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის საკითხი. ასევე გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ინფორმაციულ ომზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, ეთნიკური უმცირესობების განწყობებსა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35;

ელ–ფოსტა: [email protected] ;

ვებ–გვერდი: mod.gov.ge