ახალი ამბები

თელავის სასამართლოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკავებულთა მშობლები მოითხოვდნენ პროცესზე დასწრებას, რის საშუალებასაც, დარბაზის სიმცირის მიზეზით, მანდატურის სამსახური არ აძლევდა.
დაპატიმრებული ახალგაზრდების ნათესავებმა სცადეს სასამართლოს დარბაზში შეჭრა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ინვენტარი. 
მოგვიანებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებულების ოჯახის წევრებს პროცესზე დასწრების უფლება მისცა. 
ნათესავების განცხადებით, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, თელავში კაფე ,,შუა ქალაქში” მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა 7 ახალგაზრდა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ნასვამ ახალგზრდებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით, რაც ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.