ახალი ამბები

,,კახეთში საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო”

ფონდის შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, ხათუნა ლაგაძიძის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიცპალიტეტს არამიზნობრივად განკარგული აქვს 3 მილიონი ლარი, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტს 7 მილიონ ლარზე მეტი. 
,,ლაგოდეხში სკვერში დადგეს უპროპორციო ლოდის ქვა, რომელშიც გადაიხადეს 15 100 ლარი და მის საჭიროებას დღემდე მუნიციპალიტეტი ვერ ასაბუთებს. საქართველოს განვითარების ფონდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს საბიუჯეტო ქაოსი საქართველოს რეგიონებში”,– განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ლაგაზიძემ.
საქართველოს განვითარების ფონდის რეგიონული წარმომადგენლის მეგრელიშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ კახეთის განვითარების გეგმა არ არსებობს, რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მიერ სხვადასხვა პროექტში არასწორად გადანაწილებული და განკარგული თანხებიდან დღემდე არ არის გაცმული მუშების ხელფასები. ლაგოდეხსა და გურჯაანში ადმინისტრაციული კანონდარღვევით უშტატო მოხელეებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გაცემული. 
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, 2013-2014 წლებში, სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის რეგიონების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იყო 225 000 ლარი. აღნიშნული თანხა სრულად დაიხარჯა, მაგრამ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ და სამშენებლო ნორმების დარღვევით. მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დღემდე არ აუღიათ კუთვნილი ხელფასები. გარდა ამისა, სოფელ ზემო გურგენიანში სოფლის დახმარების პროგრამით უნდა მოწყობილიყო სარიტუალო ფარდული, რომელზეც დაიხარჯა 14 900 ლარი. დღეს კი ეს ადგილი დაუმთავრებელია და ხალხი ვერ სარგებლობს”,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი მეგრელიშვილმა.