სტატიები

პანკისში სათემო რადიოს პრეზენტაცია გაიმართა (Photo)

რადიოს შექმნის მიზანი ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა. 
WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი. სათემო რადიოს ეს სახელი პანკისელი ახალგაზრდების ინიციატივით დაერქვა. პანკისის ხეობის 12 სოფელი, ქორეთიდან ხადორის ჩათვლით, რადიო სიგნალს უახლოეს მომავალში მიიღებს. მანამდე მაუწყებლობა ინტერნეტით ხორციელდება. 
„სათემო რადიოს შექმნის იდეა პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრების და პრობლემების ანალიზის შედეგად გაჩნდა. სათემო რადიოს ბადე იქნება მრავალფეროვანი. გვექნება სხვადასხვა გადაცემა, ტოკ შოუები, ადგილობრივი, უცხოური, თანამედროვე და კლასიკური მუსიკა. ადგილობრივი ფოკლორის პოპულარიზაციას მოვახდენთ“, – განუცხადა knews.ge-ს რადიო დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა. 
რადიოს მოქალაქე – რეპორტიორები, რომელებიც ქართულ და ჩეჩნურ ენებზე ახალ ამბებს დღეში სამჯერ მოამზადებენ, ყურადღებას გაამახვილებენ თემისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და ხეობაში მცხოვრები მოსახლების პრობლემების გაშუქებაზე. 
„საინფორმაციო გამოშვება ქართულად ორჯერ გავა, ჩეჩნურად კი – ერთხელ. ჩვენი ძირითადი არეალი შემოიფარგლება პანკისის ხეობით. ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალგაზრდები შემოიკრიბონ რადიოს გარშემო და შექმნან საკუთარი რადიო“, – განაცხადა რადიოს რედაქტორმა შორენა ხანგოშვილმა. 
რადიოს ადგილობრივი ახალგაზრდა პერსონალი სადისკუსიო გადაცემებსაც მოამზადებს. ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი კი ყოველ კვირას, დღის 2 საათზე, საკუთარი საავტორო გადაცემა „პანკისური დღიურებით“ მსმენელს პანკისელების პირადი ცხოვრებისეული ისტორიების შესახებ მოუყვება. გადაცემაში მონაწილეობის სურვილი უკვე ბევრმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გამოთქვა. 
„ყოველ გადაცემაში თითო ისტორია იქნება. ამ გადაცემით ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დაინტერესდა. რამდენიმე მათგანმა დამირეკა და სურს, მოყვეს საკუთარი ისტორია“, – აღნიშნა სულხან ბორძიკაშვილმა. 
რადიოს საინფორმაციო ბადე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოსწონთ. ზოგიერთი მათგანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხშირად იმყოფება. ისინი ამბობენ, რომ აქამდე ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ, რადიოს მეშვეობით კი საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. 
„ხეობაში რაც ხდება, ყველაფერს რადიოთი ვიგებ. ხშირად საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა. აქამდე არც ყოფილა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდა. არა მარტო ხეობაში, არამედ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გვაქვს ინფორმაცია“, – განუცხადა knews.ge-ს რამზან ბორძიკაშვილმა. 
სათემო მედიასაშუალების დაფუძნებას მნიშვნელოვანდ აფასებს მესამე სექტორი. „აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ეკა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ რადიო დაამსხვრევს ნაციონალურ მედიაში არსებულ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ადგილობრივი ქისტებისა და პანკისში მიმდინარე პროცესებით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როდესაც ხეობას თანამდებობის პირები სტუმრობენ, ან სირიაში რომელიმე ადგილობრივი მკვიდრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
„ადგილობრივი მოსახლეობის პერსპექტივა არ არის ის, პანკისზე რა ისტორიებსაც ქმნის სხვადასხვა მედია საშუალება. პანკისის ხეობაში რადიოს არსებობა ნიშნავს, რომ ადგილობრი მაცხოვრებლებს, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ თავზე“, – აღნიშნა იმერლიშვილმა. 
რადიო „WAY“ სიხშირეზე FM 101.1 რამდენიმე კვირაში დაიწყებს მაუწყებლობას. სათემო მედიასაშუალებამ პანკისის ხეობაში რადიომაუწყებლობის ლიცენზია 2016 წლის 15 იანვარს მიიღო.