ახალი ამბები

33 პანკისელი ახალგაზრდა საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებს

„პანკისელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად გამოვყავით დღეები და გავახანგრძლივეთ საკონტრაქტო სამსახურში მიღების პერიოდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიგვეცა ამ ადამიანებისთვის სურვილის შემთხვევაში ემსახურათ ქართულ ჯარში. ახლა უკვე დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ შეიკრიბოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ისინი რაც შეიძლება სწრაფად ჩაებან ამ საქმიანობაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 
თინათინ ხიდაშელმა პანკისელი ახალგაზრდების ქართულ ჯარში მსახურის სურვილის შესახებ ანგარიში ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურისგან, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძისგან მოისმინა. 
,,მადლობა მინდა ვუთხრა პოლკოვნიკ ქავთარაძეს და მის ჯგუფს, რომლებმაც მთელი ორი კვირა გაატარეს პანკისში, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრნენ და ამას, როგორც წესი, გამრავლების ეფექტი აქვს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, დღეს, პანკისის ხეობაში გაცილებით მეტს აქვს ინფორმაცია ქართული ჯარის შესახებ. იმედი მაქვს, შემდეგი გაწვევისთვის უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი კვირის განმავლობაში, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ადგილზე უწევდნენ კონსულტაციას. საბუთების მიღების შემდეგ მსურველებს ადგილზევე შეეძლოთ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა და ფიზიკური ტესტის ჩაბარება.
როგორც Knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, შერჩევის პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე დარეგისტრირებული ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფში გადანაწილდებიან. უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.