გურჯაანში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა დაიწყო
პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო გურჯაანის რაიონის სოფლების ამბულატორიებს გადასცემს სკრინინგის განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობას.
„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის ექიმებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა, თავად აიღონ პაპ-ტესტი მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის ქალებში. გურჯაანში პროვაიდერ დაწესებულებაში მისვლა საჭირო გახდება მხოლოდ პაპ-ტესტის აბნორმალური პასუხის შემთხვევაში დამატებით კოლპოსკოპიური კვლევისა და ბიოფსიური მასალის ასაღებად“, – განუცხადეს knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით და მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ-ტესტის ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიურ და კოლპოსკოპიის დროს აღებული მასალის მორფოლოგიურ კვლევებს. 2015 წელს 25005 ქალმა საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ჩაიტარა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2011-2015 წლებში საშვილოსნოს ყელის სკრინინგში მიზნობრივი პოპულაციის ქალების ჩართულობა გაიზარდა 2.4%-დან 10,9%-მდე.
„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა 2011 წელს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს ოთხი ლოკალიზაციის – ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის – კიბოს სკრინინგულ კლევებს მთელი ქვეყვის მასშტაბით.