განცხადებასტატიები

ახალგაზრდები პროფესიების შესახებ – გამოკითხვა

რომელ სპეციალობებს მიიჩნევენ პრიორიტეტულად და დეფიცი­ტურად თელაველი ახალგაზრდები, რომელს და რატომ ირჩევენ, ამას ჩვენი გამოკითხვიდან შეიტყობთ. 

ეთი შოშიაშვილი, 24 წლის:
დღეს კვალიფიციური კადრები ძალიან ჭირს, განსაკუთრებით რეგიონებში. ქალაქებიდან ახალგაზრდები გარბიან თბილისში განათლების მისაღებად, ასევე, სამსახურის საძებნელად. აბიტურინტები ძირითადად აბარებენ იურიდიულზე, სამედიცინოზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, სწავლობენ ბუღალტერიას. შემდეგ აიღებენ დიპლომს და თავს პროფესიონალებად მიიჩნევენ, წუწუნებენ სამუშაო ადგილების არარსებობაზე. ჭირს კარგი სანტექნიკის შოვნა, ფაქტო­ბრივად არ მოიძებნება ვეტექიმი, კარგი დურგალი და ა.შ. ეს იმიტომ ხდება, რომ ნახევარი საქართველო ექიმი და იურისტია. კვალიფიციური კადრების მისაღე­ბად საჭიროა ხელობაზე ორიენტირებული სასწავლებლების არსებობა, სადაც სწორედ იმ პროფესიებს შეისწავლიან, რაც გამოყენებადი და შემოსავლიანია. აუცილებელი არ არის ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდეს, შემდეგ დიპლომი კარადის თავზე შემოდოს. ამას სჯობს იყო კარგი პარიკმახერი, რადგან შემოსავლის თვალსაზრისით ეს უფრო მომგებიანია.

ვახო ვარდიაშვილი, თესაუს სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტი:
კახეთში და, ზოგადად, საქართველოში აბიტურიენტების უმრავლესობას, რომ ვკითხოთ, თუ რომელი პროფესიის დაუფლება სურთ, გვეტყვიან სამართ­ლის ან ბიზნესის ადმინისტრირების. დღესდღეობით, როგორც კახეთის რეგიონ­ში, ასევე, საქართველოში მრავლად გვხვდებიან იურისტები, ბიზნესმენები და სხვა, დასაქმების მხრივაც რთულია და დასაქმების ბაზარზე ამდენი იურისტი ნამდვილად საჭირო არ არის. ჩემი აზრით, მოთხოვნადი და ამავდროულად დეფიციტური პროფესიებია: აგრონომი, უცხო ენის სპეციალისტი (თარჯიმანი), ინჟინერ-მშენებელი (გზების, ხიდების, შენობების), ეკონომისტი.
კახეთში, სოფლის მეურნეობისა და ღვინის სამშობლოში, ძნელად თუ მოი­ძებნებიან კარგი აგრონომები, სოფლის მეურნეობის მენეჯერები, მეღვინეები, ასევე, კახეთში ძნელად მოიძებნება კარგი ეკონომისტი, ფსიქოლოგი, საფინანსო და მარკეტინგის მენეჯერი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიისა და სოფლის მეურ­ნეობის კუთხით ისწავლება რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა: აგრო­ნომია, სასურსათო ტექნოლოგიები და სხვა. თელავის სახელმწიფო უნივერ­სიტეტში სასურსათო ტექნოლოგიები პრიორიტეტულად არის მიჩნეული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ამ პროფესიაზე სწავლა, მსგავსი წახალისებები აბიტუ­რიენტებისათვის აუცილებელია, რადგან კახეთში მოთხოვნადი პროფესიაა და დასაქმების მხრივაც ადვილად არის შესაძლებელი, რომ დასაქმდე, ასევე, უნივერსიტეტმა უნდა მისცეს შესაბამისი ცოდნა. თელავის უნივერსიტეტში არ არის ეკონომიკის ფაკულტეტი და ეს სამწუხაროა, რადგან ამ მხრივაც დეფი­ციტია რეგიონში და კარგი იქნება, თუ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ეკონომიკის სპეციალობაზე სწავლა შესაძლებელი.

თათია აივაზაშვილი, მეთორმეტე კლასის მოსწავლე:
მინდა, რომ გავხდე უცხო ენების სპეციალისტი, მომწონს პედაგოგიური საქმიანობა და მიმაჩნია, რომ, რაც გიყვარს, ის საქმე უნდა აკეთო და არა ისწავლო იმისთვის, რომ მხო­ლოდ დიპლომი აიღო. ჩემთვის ეს ფაკულტეტი პრიორიტე­ტულია. რაც შეეხება დეფი­ციტურ პროფესიებს, კახეთი ვაზის სამშობლოა და ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კადრების კვალი­ფიკაციის სიმწირეა. მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრებით ადამიანი ვერ გახდება საქმის პროფესიონალი, საჭიროა გა­დამზადება, ტრენინგების გავლა, გამოცდილების მიღება, რომ გახდე მოთხოვნადი შრომით ბაზარზე.

ლიკა ყარაულაშვილი, 23 წლის:
ჩემი აზრით, კახეთში დე­ფიციტურია სოფლის მეურ­ნეობის დარგის სპეციალისტები. ამ პროფესიების შესწავლით ახალგაზრდებს, გარდა იმისა, რომ შეიძენენ ცოდნასა და და­საქმდებიან, ექნებათ სტაბილუ­რი შემოსავალი და არავისზე იქნებიან დამოკიდებულები. პრიორიტეტულია ის პროფე­სია, რომელსაც გამოიყენებ და შენი თავის რეალიზებას შეძლებ სასწავლებლის დასრულების შემდეგ.

 

ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.