გელა სამხარაული – ,,თელავის განვითარების პოტენციალი ნაკლებად არის ათვისებული”
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გელა სამხარაული თელავში განათლებისა და დასაქმების გამოფენის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბური უნდა იყოს, რათა ხშირად მოხდეს დამსაქმებლების, სამუშაოს მაძიებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების ერთ სივრცეში შეხვედრა, რაც მათი შეხედულებების ურთიერთგაცვლასა და კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. გელა სამხარაულის თქმით, არა მარტო თელავისთვის, არამედ რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მასშტაბური ღონისძიება თელავში მეორედ იმართება. მისივე განმარტებით, რეგიონში ამ კუთხით ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების შეხვედრას, ნაკლებად ტარდება. პარლამენტის დეპუტატი ფიქრობს, რომ საზოგადოების აქტიურობა და ახალი იდეებია საჭირო.
,,თელავში განათლებისა და დასაქმების გამოფენა შარშანაც გაიმართა და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგები ჰქონდა. აღნიშნული ღონისძიების კიდევ ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამაში დამსაქმებლები, სამსახურის დაწყების მსურველები და სასწავლო დაწესებულებები მონაწილეობენ. მათ ეძლევათ საშუალება, ერთმანეთს გაუცვალონ ინფორმაცია, ისაუბრონ ახალ იდეებზე, გააცნონ ორგანიზაციების საქმიანობა, გეგმები და სხვა. დღეს საზოგადოებაში სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობაა. ნებისმიერ კომპანიას შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტი ჰქონდეს, რომელსაც დასაქმების მსურველს შესთავაზებს, მაგრამ საზოგადოებამ შეიძლება ეს არ იცოდეს. სწორედ ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მიწოდებას. რეგიონში ძალიან გვაკლია მსგავსი შეხვედრები, აქტივობები და ვისურვებდი, უფრო აქტიურად დაიწყოს ამაზე ფიქრი. ამ საკითხებზე პირადად მეც ვმუშაობ, ვამუშავებ ინიციატივებსა და პროექტებს, რომელსაც უახლოეს მომავალში გავაცნობ რეგიონის საზოგადოებას. მომავალში ჩვენ მოგვიწევს, რომ უფრო მასშტაბურად ვიაზროვნოთ და დამატებითი ადგილობრივი რესურსი მოვიძიოთ, თუნდაც ადამიანური და საბიუჯეტო. გარდა ამისა, ჩვენთვის ახალი იდეებია საჭირო, რომ უფრო მეტად ცნობადი გავხდეთ, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და რეგიონში მეტი აქტივობა განხორციელდეს. ასეთი შეხვედრები და გამოფენები პირდაპირ უწყობს ხელს ჩვენს განვითარებას’’,- განაცხადა გელა სამხარაულმა.
დეპუტატის შეფასებით, განათლებისა და დასაქმების გამოფენა თელავისათვის მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზების შესაძლებლობად უნდა იქცეს. მისივე თქმით, არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა, რომელსაც სჭირდება, როგორც კერძო ინიციატივები, ასევე – სახელმწიფოს მხარდაჭერა.
,,იმისთვის, რომ კვალიფიციური კადრი დარჩეს რეგიონში და არ წავიდეს სხვაგან, პირველ რიგში რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, რომელსაც სჭირდება როგორც კერძო ინიციატივები, ისე სახელმწიფოს მხარდაჭერა. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა შექმნას შესაბამისი გარემო, მაგალითად, თელავს, უდიდესი პოტენციალი აქვს განვითარების, რომელიც ნაკლებად არის გამოყენებული დღეს. ამიტომ უფრო სხვა ხედვა გვჭირდება. მე ასე მგონია, რომ ჩვენ გადასული ვართ არსებული რესურსის, რაც შეიძლება, რაციონალურად ხარჯვაზე და ცხელი წერტილების ჩაქრობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად სხვა მასშტაბით უნდა ვიფიქროთ. იქნებ სჯობს, რომ ცოტა გავიჭირვოთ და ამ რესურსს სხვა მიმართულება მივცეთ. უნდა ვიმოქმედოთ მასშტაბურად, რომელიც უფრო გააცნობს რეგიონს მსოფლიოს, ტურისტებისა და ვიზიტორების მეტ დაინტერესებას გამოიწვევს. კარგი იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც მოვაწყოთ რეგიონი და კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიო ბაზარზე. ამ საკითხებზე ვფიქრობ და მგონია, რომ ჩვენი მუშაობით დიდ წარმატებას მივაღწევთ’’,– განაცხადა სამხარაულმა.
ბიბერახი -თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო. მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მასპინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა -პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.