საგარეჯოში კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
პრეზენტაციაზე კულტურის მინისტრმა, წარადგინა სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და გამართა კონსულტაციები რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან.
თებერვალში სულ 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა გაიმართება. Knews.ge-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდსა (www.culturepolicy.ge) და ვიკიპედიაზე.
„კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი)“, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურის სამინისტროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი, რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შესახებ საზოგადოებასთან კონსულტაციები გაგრძელდება. მთავრობის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვის ციკლს თბილისსა და რეგიონებში და გამართავს კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.