კახურმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორმაგი ოქრო კომპანია “კახურის” ღვინომ „საფერავი რეზერვი 2005“-მა მიიღო. ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: “საოჯახო რეზერვი 2013“, კომპანია „ლუკასი“; „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“.
ვერცხლის მედალი კი მიიღეს ღვინოებმა: „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“; „ნაფარეული. 2013“, კომპანია „შუმი“; „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; „საფერავი ქვევრის. 2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.
„საკურას“ საერთაშორისო კონკურსი წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი. „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
“ღვინის ეს კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა და მსოფლიოს ძალინ ბევრ ქვეყანას მოიცავს. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე”, – განუცხადეს knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.