თელავში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
პროგრამის დაწყების შესახებ მეწარმეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ და თბილისის ბიზნეს- ცენტრის დირექტორმა მალხაზ შუბითიძემ მიაწოდეს.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის ოთარ ანთიას თქმით მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი დღეიდან დაიწყო. მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვის ყველა მსურველს ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.qartuli.ge 31 მარტის ჩათვლით შეეძლება. ოთარ ანთიას თქმით, კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ.
,,დღევანდელი შეხვედრა არის საინფორმაციო შეხვედრების ციკლის დასაწყისი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ შევხვდებით ყველას და მივაწვდით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე. პროგრამა 2015 წლის გაზაფხულოდან მოქმედებს და მიზნად ისახავს რეგიონებში მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობას. დღეს დაიწყო ამ პროექტის საკონკურსო ეტაპის მეორე ფაზა და გაგრძელდება 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 წლის ზემოთ პირს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე; დაინტერესებულ პირს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; მზად უნდა იყოს ბიზნეს იდეეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთერთი. ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში – 15 000 ლარს, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით”,- განუცხადა knews.ge-ს ოთარ ანთიამ.
საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხანგრძლივობას ის 26 თვით განისაზღვრა. ამასთან, პროგრამა 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს და მის ფარგლებში სულ 3000–მდე მეწარმის ხელშეწყობა მოხდება.