ახალი ამბები

კახეთში ელექტროენერგია 4 თეთრით გაძვირდება

დენის ტარიფის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების შეწყვეტა გახდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდია, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, კახეთისთვის აღარ გამოიყოფა და მისი გადახდა კვლავ ადგილობრივებს მოუწევთ. კახა კალაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება კახეთის მოსახლეობის სხვა რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა.
დენზე ფასის ზრდას აბონენტები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ისინი მომატებულ გადასახადს ვერ გადაიხდიან.
,,ისედაც ძვირია ელექტროენერგის გადასახადი და ახლა მისი კიდევ გაძვირება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ყველაფერი ძვირდება და უმუშევრობა კი იზრდება. არ ვიცი, რითი უნდა გადავიხადო მომატებული კომუნალური გადასახადები. ვერ გადავიხდი და ელექტროენერგიას ჩამიჭრიან”,– განუცხადა Knews.ge-ს თელავის მკვიდრმა ნანა გელიაშვილმა.
კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ზამთრის სეზონიდან გამომდინარე სამი თვით გაგრძელდა, 2015 წლის 1 დეკემბერს დასრულდა. უწყების ინფორმაციით, 1 მარტიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდება სუბსიდირების ის პროგრამა, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთის უკვე მოქმედებს.
„პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს. იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ,“- განაცხადეს ენერგეტიკის სამინისტროში.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც კახეთის რეგიონს ელექტროენერგიით ამარაგებს, ერთადერთი რეგიონული ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა, რომლის მართვასაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული გაკოტრების მმართველი ახორციელებს. დენის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით Knews.ge ოფიციალური კომენტარის მოპოვებას, თუმცა კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.