ახალი ამბები

პანკისელი ახალგაზრდებისათვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა გახანგრძლივდა

16 თებერვლიდან დუისის საზოგადოებრივ ცენტრში თავდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლები კვირაში სამი დღის განმავლობაში, ადგილზე მიიღებენ საბუთებს და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებს შესაბამის კონსულტაციასაც გაუწევენ. საბუთების მიღება 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 
რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება პირადობის მოწმობა, სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100 და 2 ფოტოსურათი ზომით 3X4.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.
მიმდინარე წლის 10 იანვარს თავდაცვის მინისტრის ხეობაში ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. 
„მიუხედავად იმისა, რომ საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელი მათ გაწვევის ვადის გახანგრძლივებას დაპირდა. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა“, – განუცხადა knews.ge-ს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ კაციტაძემ. 
უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
თვდაცვის სამინისტროს ცნობით, მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერური ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, შეისწავლოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ოპერაციებში.
„იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT –Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურეობით და განთავსებით. 10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება“, – განუცხადეს knews.ge-ს თავდაცვის სამინისტროში.