კახეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის სუბსიდირება შეუწყდება
ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2016 წლის 1 მარტიდან აბონენტები მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდიან.
კახა კალაძის უწყების ინფორმაციით, კახეთში მცხოვრები მოქალაქეები დანარჩენი რეგიონების მოსახლეობასთან თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა. შედეგად კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა . ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე გამოიყო.
“2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამი თვით კიდევ გაეგრძელებინა კახეთში სუბსიდირების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო. პროგრამის დასრულების შედეგად, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის”, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა.
“პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს.
იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ. მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში”, – განმარტეს სამინისტროში.