ახალი ამბები

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაცია თელავშიც იქნება ხელმისაწვდომი

 Knews.ge-ს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რომ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასადა აპოსტილით დამოწმებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ. განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია, თელავის გარდა, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის 14 ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14 ტერიტორიულ სამსახურში. მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ახალციხის, გორის, ზუგდიდის, თიანეთის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთის, რუსთავის, ფოთის, ყაზბეგის, ბათუმის, ქუთაისის, ახალქალაქის, ბორჯომის, დმანისის, ვანის, კასპის, ნინოწმინდის, სენაკის, ქარელის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის მცხოვრებნი.
სერვისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. 
„იუსტიციის სახლებში მომსახურების გადასვლის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებნი, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები, საზოგადოებრივი ცენტრები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ფუნქციონირებს, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებას რეგიონიდან, ქალაქიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებენ; ეს კი მათ მოუხსნის ხანგრძლივი მგზავრობის საჭიროებას და ექნებათ საშუალება, დაზოგონ დრო და ფინანსები, ხოლო მომსახურება უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღონ“, – განუცხადეს knews.ge-ს იუტიციის სამინისტროში. 
აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ კომპეტენციას განეკუთვნება. მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისში შეუძლიათ, რეგიონებში კი იგი ხელმისაწვდომი არ არის.