სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სააგენტოს ინფორმაციით, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის დაავადების გამოვლენისთანავე სააგენტომ შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
უწყების ცნობით, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 მლნ დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა. სააგენტო 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრას გეგმავს.
,,წვრილფეხა პირუტყვის მასიური ვაქცინაცია და სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების აღება) მიმდინარე კვირიდან დაიწყება. დაცემული პირუტყვის ვეტერინარული წესების სრული დაცვით განადგურების შემდეგ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება. ცოტა ხნის წინ კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება – ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში – თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავდებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა). სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები”,- განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.