ახალი ამბები

ქალთა ძალადობის თემაზე დოკუმენტური ფილმი თელავში აჩვენეს

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პედაგოგები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ.
ფილმის ჩვენება მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის ჩვენებას და ოჯახური დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას.
ფილმში საქართველოში მცხოვრები ქალების რეალური ისტორიებია ასახული და ეძღვნება საზოგადოებაში არსებულ ყველაზე მძიმე პრობლემას, რომელიც არის ქალთა მიმართ ძალადობა და მისი ყველაზე მწვავე ფორმა გენდერული ნიშნით მათი მკვლელობა. საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ოჯახში ძალადობა მწვავე და აქტუალური პრობლემაა, რადგან ქალი ხდება მსხვერპლი იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის.
,,2014 წელს მოხდა არაერთი საზარელი ფაქტი, რომელმაც დაგვანახა მძიმე რეალობა, რომ ოჯახში ძალადობა არ არის რომელიმე ერთი რეგიონის ან სოციალური ჯგუფის პრობლემა, ეს არის ფართოდ გავრცელებული პრობლემა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და ძალადობის რიცხვის შემცირებას სჭირდება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა იმისთვის, რომ ქალები ამ საზოგადოებაში და მათ შორის საკუთარ ოჯახში იყვნენ დაცული. თელავი არის მუნიციპალიტეტებიდან პირველი, სადაც ამ ფილმის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. ამით გვინდა გავიგოთ საზოგადოების აზრი, როგორ ხედავენ ოჯახში პრობლემების მოგვარების გზებს. ეს არ არის მარტივი პრობლემა და საზოგადოების ჩართულობა მის გადაწყვეტაში იქნება წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარი’’,- განუცხადა knews.ge-ს ანა ნაცვლიშვილმა.