კახეთში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
სიღნაღის, თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონების ოცმა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოში დაათვალიერეს ერთ-ერთი ბენეფიციარის, პაატა ბუცხრიკიძის ბაღის გაშენების პროცესი. სააგენტოში აცხადებენ, რომ ბუცხრიკიძე პროგრამაში 2015 წლის 16 დეკემბერს ჩაერთო და 7.5 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 45,308 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 30,450 ლარი ნერგებზე, ხოლო 14,858 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
,, ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 954 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 5 მილიონ ლარს აღემატება. სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს”,– განაცხადეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
2016 წელს პროექტის განხორციელებისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო მეორე მხრივ საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.