ყვარელში მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა
კომპანიის დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
,, კომპანიამ ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგა და დახურვის სამუშაოები ჩაატარა. პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამზიდი სადგური. არსებული არასახიფათო ნარჩენები საიზოლაციო გრუნტით გადაიფარა. მოეწყო სამეურნეო ზონა, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე, განხორციელდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება”,- განაცხადა გიორგი შუხოშვილმა.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” შეიძინა ნაგვის გადასატანი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ყვარელის გადამზიდი სადგურიდან თელავის ნაგავსაყრელზე. პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.