ახალი ამბები

საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა ფერმერთა ასოციაციის პროექტებს გაეცნობა

აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ მოაწერეს.
,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მუშაობის შედეგად, სოფლის მეურნეობის სფეროს სერვისების განვითარება და ხარისხის ამაღლება მოხდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად”,-აცხადებენ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
დღეისთვის სხვადასხვა რეგიონში 29 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალის, ლენტეხის, დაბა ჩაქვისა და ხრეითის მოსახლეობას.