ახალი ამბები

კახეთში გეოგრაფიული ობიექტების აღწერა-ინვენტარიზაცია დაიწყება

პროექტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქშია დასრულებული. “აღწერილია ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, დანომრილია ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები. არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს. დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან”, – განაცხადეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.