სტატიები

,,ვისოლი’’ თელავში ახალი აბონენტებისთვის ბუნებრივ აირს აძვირებს

კომპანიამ აბონენტებს ტარიფის ცვლილება საინფორმაციო ქვითრების საშუალებით უკვე აცნობა. მოსახლეობის თქმით, ბუნებრივი აირის გაძვირება მათზე ცუდად აისახება და ისინი გადასახადის გადახდას ვეღარ შეძლებენ.
თელაველ ზ. აივაზაშვილს ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით კომპანიისგან შეტყობინება 20 იანვარს მიუვიდა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის 11 თეთრით გაძვირება აბონენტებს დააზარალებს. პრობლემა მოსახლეობისთვის განსაკუთრებით ზამთარში მწვავდება, ბუნებრივი აირის წნევა დაბალია და მათ მეტის მოხმარება უწევთ.
,,ისედაც გვიჭირდა გადახდა, ვსესხულობდი ხოლმე. ვცდილობდი, ეკონომიურად დამეხარჯა, რომ თვის ბოლოს ბევრი გადასახადი არ მოსულიყო. ახლა კი ერთნაირად 11 თეთრით გაძვირება ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდებს. ბევრი ჩემ გარშემო ისეა გაჭირვებული, იმასაც ვერ იხდიდა და ახლა მომატებული ფასით უფრო ვეღარ გადაიხდის. ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა გაზრდილიყო”,-განაცხადა აივაზაშვილმა.
კომპანია ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში’’ 1 აპრილიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას ადასტურებენ. კომპანიის გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორ დავით ჯირმიზაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მისივე თქმით, კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება.
დავით ჯირმიზაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ყიდვა ვეღარ მოეხერხებინა.
,,2007 წელს მაშინდელი ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის ბრძანებით, კომპანიას ენიჭება ძალაუფლება, შეხედულებისამებრ და არა მაქსიმალური ზღვრის გადალახვით, მოახდინოს ტარიფის ცვლილება. ამ ეტაპზე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2008 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ გახდნენ ჩვენი აბონენტები, ბუნებრივი აირის გადასახადი 11 თეთრით ძვირდება. დანარჩენ საქართველოში აღნიშნული ტარიფი მოქმედებდა და ეს საკითხი მარტო თელავში იყო მოსაგვარებელი. ამ ყველაფერზე იმოქმედა დოლარის კურსის ცვლილებამაც. კომპანიამ ზაფხულის მერე ზარალი განიცადა და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ ტარიფის გაზრდა, რადგან მერე შეიძლებოდა გაზი საერთოდ ვერ გვეყიდა. ჩვენ 17 000 აბონენტი გვყავს სულ და 7000-მდე აბონენტს შეეხო ეს თემა,’’-განაცხადა დავით ჯირმიზაშვილმა.