ახალი ამბები

გუბერნატორები ყოველთვიურ დანამატს 2950 ლარის ოდენობით მიიღებენ

შესაბამისი დაგენილება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 29 იანვარს მიიღო. დადგენილების თანახმად, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები 2016 წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებებიდან ხელფასთან ერთად მიიღებენ ყოველთვიურ დანამატს 2950 ლარის ოდენობით. სახელმწიფო რწმუნებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2950 ლარს შეადგენს. 2014 წლის 1 აპრილიდან კი ისინი ყოველთვიურად იმავე ოდენობით დანამატებსაც იღებენ. 
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2015 წელს სამხარეო ადმინისტრაციებში პრემია და სახელფასო დანამატი 1 114 928.69 ლარის ოდენობით გასცეს. გუბერნიებში გაცემული პრემია 463 817.5 ლარს შეადგენს, ხოლო სახელფასო დანამატი კი 680 111.19 ლარს უტოლდება. 
„თანამდებობის პირზე, საჯარო მოხელეზე პრემიის ან სახელფასო დანამატის გაცემამდე უნდა იყოს შეფასებული პიროვნების მიერ შესრულებული სამუშაო. თითოეულ მოხელეზე უნდა იყოს დასაბუთება, რისთვის იღებს ის პრემიას. დასაბუთებაში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული, რომ რიგითმა მოქალაქემ რა სარგებელი მიიღო, რათა კონკრეტულმასაჯარო პირმა აიღოს პრემია ან დანამატი“, – განუცხადა Knews.ge-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ. 
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, წინა წელს კახეთის გუბერნიამ პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 121 995 ლარი გასცა.