ახალი ამბები

ქვემო მაჩხაანის თეატრში ახალი აპარატურა შეიძინეს

მისი ყიდვა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების მიერ შემოწირული თანხებით მოხერხდა. მაჩხაანის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა შეიძინა ხმის აპარატურა, კინოჩვენებისთვის საჭირო ეკრანის დასამზადებელი მასალა, დინამიკა და სხვა აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობა. მაჩხაანის თეატრში კინოკლუბის განვითარებაცაა დაგეგმილი.
,,ერთ-ერთი მოქალაქის, ანანო ცინცაბაძის მხარდაჭრით შემოწირული თანხით, რომელიც მას იაპონელმა ქალბატონმა აიაკო ომურამ გადასცა, შესაძლებელი გახდა ხმის აპარატურა შეგვეძინა. ჩვენ, ასევე, სხვა აუცილებელი ტექნიკაც შევიძინეთ. ადგილობრივი ახალგაზრდები რამდენიმე თვეა არაგეგმიურ კინოჩვენებებს მართავენ ნაჩუქარი პროექტორის დახმარებით. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა მიზნად დაისახა კინოკლუბის განვითარება, რომლის კონცეფციაზე მუშაობაც 1 კვირის წინ დაიწყეს. ჩვენ მათ საინციატივო ჯგუფს დავუჭერთ მხარს. თუმცა იმისთვის, რომ თეატრს მინიმალური ხმის სისტემა ჰქონდეს, მეორე დინამიკიც და მიქშერიც არის საჭირო. გვჯერა, რომ ამ აპარატურასაც თეატრის მხარდამჭერებთან ერთად მალე შევიძენთ. კანონზომიერიცაა, რომ ხალხის აშენებული თეატრი ისევ ხალხმა აღადგინოს. გვიხარია, რომ ახმეტელის თეატრი და კავკასიური სახლი აქტიურად უჭერენ მხარს თეატრში კულტურული პროცესების აღდგენას’’,- განუცხადა knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივის” ხელმძღვანელმა ნანა ბაგალიშვილმა.
მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად სოფელში კულტურული ცხოვრების განვითარებაზე მუშაობს. ბაგალიშვილის თქმით, ორგანიზაციების დახმარებით მაჩხაანის თეატრში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო უკვე განხორციელდა.