ახალი ამბები

დღეს წმინდა ნინოს ხსენებაა

სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია გამობრძანებული და მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა შეუძლიათ. ბოდბის დედათა მონასტერში კი წმინდანის საფლავია. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. ის დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ქალიშვილი იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და გადასახლდნენ იერუსალიმში, სადაც მისი მამა ზაბულონის ბერად აღიკვეცა. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, წმინდა ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. სარასაგან წმინდანმა გაიგო ის, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი საქართველოში.
ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველო ენახა და თაყვანიეცა იმ პერანგისთვის, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა მაცხოვარს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო საქართველოში და სახარება ექადაგა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა წმინდანს. 
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ეჩვენა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება.