ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანს მაღალმთიანის დასახლების სტატუსი არ მიენიჭა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზევით მდებარე და ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალი ყველა დასახლებისათვის ითვალისწინებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. კანონმდებლობა ამავე დროს საქართველოს მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე საცხოვრებელ პუნქტს.
სათემო კავშირის ,,ნუკრიანი” დირექტორის, მაია ბიძინაშვილის განცხადებით, სოფელი ნუკრიანი 2003 წლიდან აღნიშნული სტატუსით სარგებლობდა, თუმცა ამ ეტაპზე მაღალმთიან დასახლებათა ჩამონათვალში ვერ მოხვდა.
,,გამონაკლის შემთხვევაში, განსაზღვრული კრიტერიუმების (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები და სხვა) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. ჩვენი სოფელი 2003 წლიდან სარგებლდა ამ სტატუსით და ზღვის დონიდან 800-დან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში შეიქმნა აქტივისტთა ჯგუფი, რომელმაც თვითმმართველობასთან ერთად დაიწყო ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებელი ინფორმაციის მოძიება და ამ ყველაფერს გამგეობა გაუგზავნის მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, რათა აპრილში განიხილონ და თუ დავაკმაყოფილეთ ეს კრიტერიუმები, ვიმედოვნებთ, რომ ნუკრიანი შევა მაღალმთიანი სოფლების რიცხვში. 2003 წლიდან გასული წლის დეკემბრის ჩათვლით ნუკრიანის საჯარო სკოლა იღებდა ვაუჩერს, როგორც მაღალმთიანი სოფლის სკოლა და რა შეღავათებიც იყო, ვსარგებლობდით”, – განუცხადა knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის, მამუკა აბულაძის განმარტებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების დროს ყურადღება მახვილდება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიზანია საქართველოს მთიანეთის მოსახლეობისგან დაცლის პროცესის შეჩერება. ამიტომ პირველი ასეთი კრიტერიუმია დემოგრაფიული, რომლითაც ხდება იმ დასახლებების განსაზღვრა, სადაც განსაკუთრებით მძიმეა დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებულია მიგრაციული პროცესები. ამ მიზნით ზღვის დონიდან 800-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა 10 და ნაკლებია, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე, ხოლო დანარჩენ დასახლებებში დემოგრაფიული მდგომარეობის კრიტიკულობის შესაფასებლად გამოვიყენეთ აღწერებს შორის პერიოდში დასახლების მცხოვრებთა რაოდენობის კლების მაჩვენებელი: დასახლების მცხოვრებთა რაოდენობის 25%-ზე მეტად შემცირება მივიჩნიეთ მდგომარეობის კრიტიკულობის მაჩვენებლად”, – განაცხადა აბულაძემ.