ახალი ამბები

თელავის საკრებულო ავტომანქანების შესაძენად 45 000 ლარს დაიხარჯავს

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, ავტომობილის შეცვლა იძულებითი ნაბიჯია, რადგან ძველი ავტომანქანა ამორტიზირებულ მდგომარეობაშია და მუდმივ რემონტს და დანხარჯებს საჭიროებს. ძველი ავტომობილის შესაკეთებლად 2015 წლის ბიუჯეტიდან 7000 ლარზე მეტი დაიხარჯა, არსებული ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელია და ამიტომ აუცილებელია ახლის შეძენა.

„ჩემს სარგებლობაში მყოფი ავტომობილი მუდმივად საჭიროებს შეკეთებას. 2015 წლის ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ ერთი ავტომანქანის სარემონტო საფასურმა რამდენიმე ათასი ლარი შეადგინა. ასეთი მანქანის ყოლას სჯობია მისი გამოცვლა, რადგან ზედმეტი ხარჯის გაღება გვიწევს. თანხაც ამიტომ გამოვყავით. ავტომანქანების მარკებს წინასწარ ვერ გეტყვით. ტენდერი უნდა გამოცხადდეს უახლოეს დღეებში. იქ ჩაიწერება მონაცემები. ტენდერში მითითებული იქნება გარკვეული კრიტერიუმები: გარბენი, ძრავის მოცულობა, წლოვანება და ა.შ.“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გიგიაშვილის განცხადებით, მას ავტომობილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებლად სჭირდება. გიგიაშვილი აქამდე საკუთარი გოლფის მარკის ავტომანქანით სარგებლობდა და სამსახურეობრივი გადაადგილებაც საკუთარი „გოლფით“ უწევდა.

„საკუთრების აღიარების კომისიას ვხელმძღვანელობ. ჩემი სამუშაო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან და კომერციულ ფართებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ამ საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებლელია ადგილზე გასვლა, დათვალიერება, მათი მონახულება. აქედან გამომდინარე, სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელია გადაადგილება “, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი გიგიაშვილმა.

მაღალჩინოსნების ავტომობილებისთვის გამოყოფილ ხარჯებს არამიზნობრივს უწოდებს ქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი. ვარდოშვილის თქმით, დაუშვებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ძვირადღირებული ავტომანქანების შესყიდვაზე გაცილებით მეტი თანხაა გამოყოფილი, ვიდრე, მაგალითად, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამისათვის.

„41 000 ლარი გამოიყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამისათვის. გადაუდებელი, ავარიული კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გათვალისწინებულია 47 000 ლარი. ამ დროს საკრებულომ 45 000 ლარი გამოყო თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მანქანის შესაძენად. ამაზე კომენტარი უკვე ზედმეტად მიმაჩნია. საკრებულოს აპარატის ოთახის კეთილმოსაწყობად, რაც არის წარმომადგენლობითი ორგანოს სახე, დაზოგეს თანხები. ორი ადამიანის გადაადგილებისათვის ფინანსური სახსრები არ დაზოგეს. უპრიანია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ფეხით დადიოდეს, რათა ამომრჩეველთან კომუნიკაცია ჰქონდეს. ვსვამ კითხვას, რაში სჭირდება მოადგილეს მანქანა?“ – განაცხადა ვარდოშვილმა.