„ჩვენი ინფორმაციით, არაყიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 1000 კვ.მ. მიწის გასხვისებას აპირებენ“
ადგილობრივები შიშობენ, რომ მერია ტეტრიტორიის გაყიდვას მოსახლეობასთან შეუთახმებლად გეგმას.
„ჩვენი ინფორმაციით, არაყიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 1000 კვ.მ. მიწის გასხვისებას აპირებენ. როგორც გავიგეთ, ამ ადგილის გასხვისებით უშუალოდ თელავის მერიაა დაინტერესებული. გვითხრეს, რომ არაყიშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთების განაწილების პროექტიც არის შედგენილიო. არ ვიცით ეს ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს“, – განუცხადა knews.ge-ს არაყიშვილის ქუჩის მაცხოვრებელმა პავულინა ბერიკიშვილმა.
2012 წლის ივლისის სტიქიის შედეგად არაყიშვილის ქუჩაზე ათობით ნაძვის ხე გახმა, რის გამოც თელავის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიტარული ჭრა განახორციელა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან განადგურებული მწვანე საფარის აღდგენას ითხოვს.
„ვითხოვთ, რომ ნაძვის ხის ნერგები მოგვცეს ხელისუფლებამ და ჩვენ თვითონვე დავრგავთ. იმაზეც მზად ვართ, რომ ჩვენი სახსრებით შევიძინოთ ნერგები, ოღონ მოგვცეს დარგვის ნებართვა. თუ პროექტი მართლა შედგენილი არ არის, მაშინ უნდა აღადგინონ მწვანე საფარი“, – განუცხადა knews.ge-ს რევაზ ახალმოსულიშვილმა.
knews.ge თეალავის მერს, პლატონ კალმახელიძეს დაუკავშირდა. მერის განცხადებით, არაყიშვილის ქუჩაზე მწვანე საფარის აღდგენის საკითხი მოსხლეობამ და საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. პლატონ კალმახელიძის განმარტებით, არც ერთ კერძო პირს აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვის მოთხოვნით მერიასთვის ჯერ არ მიუმართავს.
„როდესაც დაინტერესებულია პირი, რომ კონკრეტული ნაკვეთი ან ტერიტორია შეიძინოს, უნდა შემოიტანოს განაცხადი, აზომვითი ნახაზი და ა.შ. თუ საჭიროდ ჩათვლის მერია ტერიტორიის გასხვუსებას, ამ ინიციატივით მიმართავს საკრებულოს, აღნიშნული ქონება შეფასდება და შესაბამისად ჩაჯდება საპრივატიზაციო ნუსხაში. არანაირ დაინტერესებულ პირს არ მოუმართავს არაყიშვილის ქუჩის მიმებარე ტერიტიორიის შესყიდვასთან დაკავშირებით. არანაირი პროცესი არ დაწყებულა და მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ტერიტორიის გასხვისებაზეა საუბარი. ადგილობრივმა მოსახლეობამ, იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა, საკრებულოს წევრებმა და ზოგადად ქალაქმა უნდა გადაწყვიტოს უნდა აღვადგინოთ მწვანე ზოლი თუ რაიმე მიზნით უნდა გასხვისდეს ეს ტერიტორია. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თუ ვინმე იქნება დაინტერესებული ამ ტერიტორიით, აუცილებლად დაიწყება მსჯელობა ამ საკითხზე“, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე კი მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მერიის ბალანსზე არსებული მიწის ფართობი არ გასხვისდება.

