სტატიები

გაზრდილი სახელფასო ფონდი და პრემიებზე გამოყოფილი ნახევარ მილიონამდე ლარი

სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნები და მოსახლოების თვალსაზრისი მაქსიმალურად გაითვალისწინეს. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შრომის ანაზღაურების მუხლი 150 ათასი ლარითაა გაზრდილი და გათვალისწინებულია 1 500 000 ლარი, საიდანაც 300 00 ლარი საჯარო მოხელეთა პრემიებისთვისაა გამოყოფილი.   

მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი პატრიოტთა ალიანსმა და ახალმა მემარჯვენეებმა არ დაუჭირა. ოპოზიცია მაღალჩინოსნებისა და თანამშრომელთა პრემიებისათვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარის გამოყოფას აკრიტიკებს. საკრებულოს წევრი ახალი მემარჯვენეებიდან ნიკოლოზ ვარდოშვილი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ მოსახლეობის დაკვეთა არ არის, პრემიებზე საბიუჯეტო სახსრები იხარჯებოდეს.

„მე მინდა, რომ მოსახლეობას მივულოცო, რომ ხელისუფლებამ შეასრულა ის დანაპირები, რაც გასცა. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები წელიწადში ოთხჯერ აიღებენ პრემიას და ამისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გათვალისწინებული. ალბათ ამას ჰპირდებოდა ჩვენს მოსახლეობას სახელისუფლებო გუნდი. ეს არის ბიუჯეტის მავნებლური და არამიზნობრივი ხარჯვა“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

წელიწადში ოთხჯერ ქალაქ თელავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების პრემიებზე გამოყოფილ თანხასა და სახელფასო ფონდის ზრდას არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი ძამუნაშვილი. მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე მიუღებელია შრომის ანაზღაურების მიმართულებით გაზრდილი თანხა. ძამუნაშვილი ბიუჯეტის არასწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებზეც მიუთითებს.

„როდესაც ქვეყანა გადასულია ქამერების შემოჭერის პრინციპზე, ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდოს. პრემიების გაცემას კი ცალსახად უარყოფითად ვაფასებ. დღევანდელი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ხელისუფლებამ პრემიებზე უარი უნდა თქვას. რემია უნდა გაიცეს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მას ევალებოდა. რაც შეეხება მთავარ საფინანსო დოკუმენტს. ბიუჯეტის პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული. ჩვენ არ გვაქვს 19 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, რომ ყველა სფერო იყოს პრიორიტეტი. ადამიანების დასაქმება უნდა იყოს მთავარი საფინანსო დოკუმენტის ამოსავალი წერტილი“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ძამუნაშვილმა.

მოსახლეობის უმრავლესობა ცალსახად უარყოფითად აფასებს თვითმმართველი ერთეულის მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების ფინანსურ წახალისებაზე დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებს. თელაველი ნინო გამხვეტელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში მაინც უარი უნდა თქვას პრემიებზე და მოსახლეობის დასაქმებზე გააკეთოს აქცენტი.

„დღეს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ დაუშვებელია ხელისუფლებამ პრემიები ოთხჯერ გამოიწეროს. როგორც ვიცი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გამოყვეს პრემიებისათვის. აუცილებელია, რომ ეს თანხა მოხმარდეს მუნიციპალური საწარმოს გახსნას და ადამიანები დასაქმდნენ. მაღალჩინოსნები მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე არ უნდა ზრუნავდნენ“, – ამბობს თელაველი ნინო ესიტაშვილი.

სახელისუფლებო გუნდში კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საჯარო მოსამსახურებისათვის ხელფასების მატება არ არის გათვალისწინებული. მაღალჩინოსნების მტკიცებით, შრომის ანაზღაურების ზრდა მხოლოდ სამუსიკო სასწავლებლების თანამშრომლებს ეზრდება. თელავის მერი პრემიებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატების პრეტენზიებსაც ეხმაურება. პლატონ კალმახელიძე პრემიებზე გამოყოფილი თანხის შემცირებას არ გამორიცხავს.

„სამუსიკო სასწავლებლების  თამნამშრომლებს მიზერული ხელფასი ჰქონდათ. მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული და შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ეძლეოდეთ. 2016 წლის ბიუჯეტით სახელფასო ფონდის ზრდა მხოლოდ მათთვის არის გათვალისწინებული.  რაც შეეხება პრემიებს. თუ საჭირო გახდა, რომ პრემიებისათვის გათვალისწინებული სახსრების ნაწილი რომელიმე სფეროს მოხმარდეს, ამ მიმართულებაზე გამოყოფილი თანხა, რა თქმა უნდა, შემცირდება. კანონი გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წელიწადში ოთხჯერ გაიცეს პრემია“, – აღნიშნა კალმახელიძემ.   

მესამე სექტორში კი მიიჩნევენ, რომ ფინანსური წახალისება რეალურად საჯარო მოხელეთა ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორიოსო გამჭვირვალობა საქართველოსთვის სრულიად გაურკვეველია თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას, ხარისხსა და მიღებულ პრემიას შორის კავშირი. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ  პრემიები ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე, ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობის ბიუჯეტი არათვითკმარია.