თელავის უნივერსიტეტში კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნება
ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, საპატრიარქოსთან, საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან ურთერთობების დამყარება და თანამშრომლობა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ თენგიზ სიმაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეული მეცნიერულად შეისწავლის კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას, ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს, რელიგიური მიმდინარეობებს და ა.შ.
“ცენტრი შეისწავლის კავკასიის რეგიონში არსებული ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისტორიულ, რელიგიურ, ეთნოპოლიტიკურ პრობლემების ურთიერთქმედებას; არქეოლოგიური, ისტორიული და ტურისტული მარშრუტების რუკების შესადგენად გამოავლენს სხვადასხვა რეგიონის მატერიალური კულტურის ძეგლებს; სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებისათვის სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან გრანტებს მოიზიდავს; უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სალექციო კურსების, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებს სამეცნიერო-სამაგისტრო შრომების, საკონფერენციო თემების მომზადებაში დახმარებას გაუწევს და ა.შ. ,,ცენტრის“ მიერ წარმოებული სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი მიზანი კი იქნება თანამედროვე პერიოდში რადიკალური სუნიტური და შიიტური მიმდინარეობების გავრცელების თავისებურებების, სტრატეგიის და ტაქტიკის ანალიზის გაკეთება კავკასიის რეგიონში და მათ შორის საქართველოში. ჩვენ გამოვავლენთ და გავაანალიზებთ რადიკალური ისლამური მიმდინარეობების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გადაქცევის ხელშემწყობ ფაქტორებს და კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოების ოფიციალური სტრუქტურების გამოცდილების ანალიზის შესწავლის საფუძველზე პრევენციის ზომებს დავსახავთ. ცენტრი კავკასიის რეგიონში, ასევე, შეისწავლის რადიკალური ისლამური სუნიტური და შიიტური მიმდინარეობების წარმოშობას, ისტორიულ გამოცდილებას, განვითარების კანონზომიერ ეტაპებს“, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქმიანობას 2016 წლიდან დაიწყებს.