„რექტორმა მეცნიერება ფეხქვეშ გათელა“ – თელავის უნივერსიტეტში სამეცნიერო განყოფილება გააუქმეს
პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გაუქმების შესახებ 17 დეკემბერს დილით თანამშრომლებისაგან შეიტყო. გიგაშვილი აცხადებს, რომ ის წინასწარ არ იყო ინფორმირებული შესაბამისი ინიციატივის შესახებ და აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების სხდომის დღის წესრიგიც ადმინისტრაციას წინასწარ არ გამოუქვეყნებია. პროფესორი მიუთითებს, რომ აღნიშნული სტრუქტურული ერთეული უნივერსიტეტის სამეცნიერო პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო და მისი გაუქმება ამ დარგის განვითარებაზე მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ცალსახად უკავშირდება ჩემს პიროვნებას. ამ განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან გიგაშვილი რომ არ ყოფილიყო, თავისთავად ცხადია, ეს არ მოხდებოდა. რექტორმა ირმა შიოშვილმა უნივერსიტეტი აქცია პირადი ანგარიშწორებისა არსენალად. სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება შიოშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლია. რექტორმა მეცნიერება ფეხქვეშ გათელა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტია და ნონსენსია, რომ ეს სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობს უმაღლეს სასწავლებელში“, – განუცხადა knews.ge-ს ქეთევან გიგაშვილმა.
აკადემიური პერსონალის გარკვეული ნაწილიც იზიარებს მოსაზრებას, რომ გიგაშვილი შიოშვილის პირადი შურისძიების მსხვერპლია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მადონა ქებაძე მიიჩნევს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ავტორიტარული მმართველობაა და სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გაუქმებაც ამისი ნათელი დადასტურებაა. პროფესორი ფიქრობს, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებას შეაფერხებს.
„სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება არის ქალბატონი ირმა შიოშვილის პირადი შურისძიების აშკარა გამოვლინება. ეს განყოფილება ეწეოდა ძალიან აქტიურ სამუშაოს, რომელშიც ჩართული იყო აკადემიური პერსონალი. სტატიის დაბეჭდვა, ტრენინგი თუ სხვა რაიმე აქტივობა იყო საჭირო, ეს სტრუქტურული ერთეული ხელს უწყობდა პროფესორებს. მას შემდეგ, რაც შიოშვილი გახდა რექტორი, თელავის უნივერსიტეტი მიდის რეგრესისკენ. ეს გადაწყვეტილება კი კიდევ უფრო უარყოფითად აისახება უნივერსიტეტზე“, – განაცხადა ქებაძემ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საკითხის კომენტირებისათვის ვერ მოიცალა. ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად ირმა შიოშვილი knews.ge-ს ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილი აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის განყოფილების გაუქმებას უკავშირებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფას და ხარისხობრივ ამაღლებას. მისი განმარტებით, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირმა სამეცნიერო დარგში დანიშნა მოადგილე, რის შედეგადაც სწავლება და კვლევა რანგობრივად გათანაბრდა.
„წლებია, რაც უნივერსიტეტში რანგობრივი ბალანსი იყო დარღვეული. ჩვენ გვყავს რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით. რექტორს სამეცნიერო მიმართულებითაც ჰყავდა მოადგილე, მაგრამ დიდი ხნის წინ ეს შტატი გაუქმდა. ეს მიმართულება გადაიქცა განყოფილებად, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს იყო დაქვემდებარებული. უნივერსიტეტში განხორციელდა ორგანიზაციული სრულყოფა. ამ მიმართულებით კვლავ დაემატა რექტორის მოადგილის შტატი, რომელმაც კოორდინაცია, საჯაროობა უნდა უზრუნველყოს. შეიქმნა კავკასიური კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს და რამდენიმე დარგი გაერთიანდება. უნივესიტეტში არსებობს 10 დეპარტამენტი, რომელიც არის სამეცნიერო სტრუქტურა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის სამეცნიერო თანამდებობა. დეპარტამენტებში თავმოყრილია აკადემიური პერსონალი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების დატოვება გამოიწვევდა ფუნქციების დუბლირებას. რაც შეეხება იმას, რომ ქეთევან გიგაშვილი აღნიშნული განყოფილები გაუქმების შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული. მას დაუძახეს აკადემიურ საბჭოზე, თუმცა ის სამსახურში არ იყო. გარდა ამისა, საბჭოების სხდომის დღის წესრიგი საჯაროდ იყო გამოკრული“, – აღნიშნა ნუნუ გელდიაშვილმა.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, მანანა ღარიბაშვილი სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გაუქმებას მართებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ღარიბაშვილის აზრით, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში სრულ კოორდინაციას გაუწევს აკადემიური პერსონალის საქმიანობას ამ მიმართულებით და შესაბამისად სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ფუნქციონირება ზედმეტია. ის, ასევე აცხადებს, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი თელავის უნივერსიტეტის განცხადებების დაფაზე ხუთი დღით ადრე იყო გამოქვეყნებული. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საინფორმაციო დაფაზე გამოკრული ყველა განცხადება ვნახეთ, თუმცა წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების დღის წესრიგი არ არის განთავსებული. თესაუს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც მსგავსი სახის ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
პროფესორების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულების მომავალას, გარკევეული სეგმენტი კი დარწმუნებულია, რომ ეს დარგი სერიოზულ წარმატებას მიაღწევს არა მარტო ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. გაუქმებულ სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში დასაქმებული სპეციალისტები კი თესაუში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ თავიან საქმიანობას.