ალვანში დამზადებული ჩურჩხელა ნიდერლანდების ბაზარზე გავიდა
კოოპერატივის თავმჯდომარის ლია პაპიაშვილის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული ჩურჩხელა ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებსა და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
,,ჩურჩხელას ძველი ტრადიციებით ვამზადებთ. თუ არის 100 ლიტრი ყურძნის წვენი, იმდენს ვადუღებთ, რომ 50 ლიტრი გახდეს. ჩვენ ვიყავით ბრიუსელში და ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ. ჩვენ 10 000 ჩურჩხელის შეკვეთა გვქონდა, თუმცა ამ პირობებში შეუძლებელია ამ რაოდენობის დამზადება”, – განუცხადა knews.ge-ს ლია პაპიაშვილმა.
ამ ეტაპზე კოოპერატივი “ალვანი“ სეზონზე 2-3 ათას ჩურჩხელას აწარმოებს, რომლის საცალო ფასი საქართველოში 2,5-დან 3 ლარამდე მერყეობს.
პროდუქციის შეძენა კერძო შეკვეთით არის შესაძლებელი. თუმცა, კოოპერატივის თავმჯდომარის ლია პაპიაშვილის თქმით, წარმოების გაზრდის შემთხვევაში, ალვანში დამზადებული ჩურჩხელა სუპერმარკეტებშიც გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ წელს, „ალვანის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელში, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენაში და ყოველთვიურად 10 000 ჩურჩხელის შეკვეთაც მიიღეს.