დანელია – მნიშვნელოვანია სოფლად ცხოვრების მაღალი სტანდარტი შეიქმნას
დანელიამ სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა საერთაშორისო კონფერენციაზე საჯარო განხილვისთვის წარმოადგინა. მინისტრის თქმით, სოფლის განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესამუშავებლად კონფერენციაში მონაწილეობდა ყველა ის უწყება, რომელიც სოფლის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთვება.
„პირველ რიგში აუცილებელია ერთიანი პოლიტიკა შემუშავდეს ყველა იმ უწყების მიერ, რომლებიც სოფლის განვითარების კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებენ. მოგეხსენებათ, სოფლის განვითარება მრავალ მიმართულებას გულისხმობს და მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სოფლის მეურნეობაა. არაერთი უწყების მიერ სოფლის განვითარების მრავალი პროექტი ხორციელდება. ამ პროექტების ერთიანი ხედვით, ერთიანი სტრატეგიით განხორციელება დასახულ მიზნამდე უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიგვიყვანს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით გაიმართა.
კონფერენციაზე სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს.
,,სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: პირველი ეს არის საქართველოში სოფლის მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე განათლების, ჯანდაცვისა და დემოგრაფიული მიმართულებებით, მეორეა კონკრეტული მიდგომები, აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს სოფლის განვითარების ხედვისა და მესამე და მნიშვნელოვანი ნაწილია მიზნების განსახორციელებლად, ყველა იმ უწყების ჩართულობის მნიშვნელობა, რომლებსაც სოფლის განვითარების პროცესის მხარდაჭერა შეუძლიათ,”- აღნიშნა დანელიამ.