კოლეჯ ,,აისში’’ წარმოებული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
გამოფენაზე სტუდენტებმა თექასა და ხეზე შესრულებული საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. მათ, ასევე, საზოგადოებას კოლეჯის ბაზაზე არსებული მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და მისი შესაძლებლობები გააცნეს.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, დამსაქმებლებისა და დონორი ორგანიზაციების ამ სფეროთი დაინტერესების გაზრდას.
,,ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ღონისძიებით გვეჩვენებინა რისი შექმნა შეუძლია თვითოეული პროფესიის სტუდენტს. ჩემი აზრით, სტუდენტი უფრო თავდაჯერებულია, როდესაც ფიქრობს, რომ მას შეუძლია ისეთი პროდუქცია მოამზადოს, რომელიც მყიდველს მოიზიდავს,’’– განაცხადა კოლეჯ “აისის” დირექტორმა ნათელა პაპუნაშვილმა.
გამოფენა–გაყიდვას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ხელოვანები, დამსაქმებლები, სტუდენტები და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და გაძლიერება.
,,ჩვენი ურთიერთობა კოლეჯ ,,აისთან’’ 2008 წლიდან დაიწყო, დავიწყეთ ექსტენციის მიმართულების განვითარებაზე მუშაობა, რომელიც ფერმერებისთვის საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას ისახავდა მიზნად. ძალიან მიხარია,რომ ფერმერებს და სტუდენტებს აქვთ საშუალება, თავისი წარმოებული პროდუქცია შესთავაზონ მყიდველს. გარდა ამისა, ასევე საინტერესოა ყველა გაეცნოს რა რესურსები გააჩნია კოლეჯს, რა სერვისები აქვს და სხვა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა მის გარეშე ძალიან რთულად განვითარდება, რადგან ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სათანადო ცოდნა და უნარები. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს ასეთ ძალიან კარგ კოლეჯში, რომელიც ყველანაირად არის აღჭურვილი მატერიალურ–ტექნიკური ბაზით და ჰყავს კვალიფიციური პედაგოგები,’’-განუცხადა Knews.ge-ს გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის სისტემების ექსპერტმა, თამარ სანიკიძემ.