საგარეჯოს ინკლუზიური პროგრამა 10 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა
გიორგი გზირიშვილის უწყების ინფორმაციით, პროგრამა მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვახორციელებთ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მონაცემთა ბაზა; შშმ ბავშვების ჩართულობის მიზნით მოეწყო ექსკურსია, ხოლო საგარეჯოს თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „ხუთკუნჭულა“ წარმოადგინა; ჩამოყალიბდა მულტიდისციპლინური გუნდი; ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე გუნდმა შეისწავლა შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირების სხვადასხვა საჭიროება; საბავშვო ბაღებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირება განხორციელდა. ყველა სამშენებლო პროექტის შეთანხმებისას მუნიციპალიტეტის მოთხოვნაა ადაპტირებული მისასვლელების გათვალისწინება. საავტომობილო გზების რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებულია ადაპტირებული გადასასვლელები“, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობელმა გიორგი გზირიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის 10 საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ყველანაირი ბერკეტი, დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადგილობრივ თვითმმართველობაში საუკეთესო პრაქტიკისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი დაჯილდოვდა. გზირიშვილს ჯილდო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა გადასცა.