გურჯაანში 100 000 ლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ჩაიშალა
პროექტით გათვალისწინებული იყო ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, გზაგამყოფების აღება, საგზაო ნიშნების დამონტაჟება, ცალმხრივი მოძრაობისა და პარკირების მოწყობა. გია გერგიძის უწყების ინფორმაციით, არც ერთმა კომპანიამ გამოცხადებული ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო და ჩაიშალა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ახალი ტენდერი 2016 წელს ხელმეორედ გამოცხადდება.
„100 000 ლარი გამოიყო ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ქუჩებზე მოძრაობის მოსაწესრიგებლად. პროექტის ფარგლებში უნდა დაიხაზოს გზები და დამონტაჟდეს საგზაო ნიშნები. ამ თანხით ნონეშვილის გამზირზე არსებული გამყოფი ბარიერების დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს. ტენდერი გამოცხადდა მიმდინარე წლის ოქტომბერში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სპეციფიკურად შესასრულებელი სამუშაოები, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა. 2016 წელს ხელმეორედ გამოცხადდება ახალი ტენდერი“, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.