ქალაქი თელავი საერთაშორისო ურთიერთობებში მიღწეული წარმატებისთვის საუკეთესო მუნიციპალიტეტად დასახელდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯილდო გადასცა.
„ქალაქ თელავს საგარეო ურთიერთობების კუთხით სერიოზული წარმატება აქვს. მდგრადი ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის SEAP-ის პარგლებში კავკასიონის ქუჩაზე განთავსდა ენერგოეფექტური LED სანათები, ხოლო პირველ სკოლაში, 125 000 ლარის ღირებულების ეკოლოგიურად სუფთა გათბობის სისტემა დამონტაჟდა; იაპონელი ხალხისგან თელავს 230 000 ლარის ღირებულების უახლესი ტექნოლოგიის ციფრული რენტგენის აპარატი გადმოეცა; ბიბერახისგან თელავმა მიიღო 250 000 ლარის ღირებულების დახმარება, რომელიც მოიცავს: სახანძრო- სამაშველო თანამედროვე ავტომობილებით და ტექნიკით აღჭურვას, შშმ პირებზე ადაპტირებული სპეც საწოლების გადმოცემას, გერმანელი სპეციალისტების დახმარებით მიმდინარეობს ქალაქის ურბანული განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება, 900 წლოვან ჭარდის ხეს 2016 წლის გაზაფხულზე კვლევა-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება; აშშ-ს კატავბას საგრაგომ და კომპანიამ Republic Service თელავს საჩუქრად 300 000 ლარის ღირებულების ნაგავმზიდო გადმოსცეს; ჩინეთში ექსპორტზე გასატანი 1 000 000 ბოთლი ღვინო და 3 000 000 ბოთლი წყალი ქვეყნისთვის, ჯამში, 10 000 000 ლარის სარგებელს წარმოადგენს. აღნიშნული წარმატება თელავის მერიის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა“, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის 10 საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ყველანაირი ბერკეტი, დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კონფერენციას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.