„ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები“
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატოში და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის” დამფუძნებელმა ლევან დოლიძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. დოლოძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს ჩრდილო ატლნატიკურ ალიანსს დეკლარირებულად აქვს გაცხადებული, თუმცა გაწევრიანების კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით საუბარი ზედმეტია.
„ზაფხულის ნატოს სამიტთან დაკავშირებით მე არ მაქვს გადაჭარბებული მოლოდინები. ყველას იმავეს ვურჩევ, თუმცა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ისტორია ცხადჰყოფს, რომ ვითარება შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს ბუკვალურად და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს ვარშავის სამიტზე. მთავარია, ჩვენ მოვახინოთ ამ პროცესის შეუქცევადობის დემონსტრირება. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველა მინისტერიალსა და სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები ალიანსში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებთან მართავს შეხვედრებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების და, განსაკუთრებით, ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ. აღნიშნული შეხვედრები ტარდება პროექტის “ახალგაზრდები უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში.