სტატიები

ჯოყოლო-დუმასტურის დაუსრულებელი ხიდი სიცოცხლისათვის საშიშია

75 წლის მაჰმუდ ქავთარაშვილმა სოფელ ჯოყოლოდან დუმასტურში გადასასვლელად ხიდი უნდა გაიაროს. დაუსრულებელ კონსტრუქციაზე გადასვლა ადგილობრივებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ზოგიერთ მკვიდრს კი, რომელიც ვერ რისკავს სოფელში ხიდის მეშვეობით მისვლას, მდინარე ალაზნის გადალახვა უწევს. ჯოყოლო დუმასტურს ცენტრალური საავტომობილო გზითაც უკავშირდება, თუმცა გზის სიგრძე დაახლოებით 5-6 კილომეტრია და, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებსაც ფეხით გადაადგილება ამ ხიდით უწევთ.

დუმასტურელი ედიშერ წინწალაშვილი ამბობს, რომ ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი, მძიმედ დაშავდა. წინწალაშვილი იხსენებს, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ხიდზე გადადიოდა მისი მეზობელი, რომელსაც ფეხი დაუცურდა და მდინარე ალაზანში გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ძლივს შეძლეს. 

 „1 თვეზე მეტია, რაც ტექნიკა წამოიყვანეს და 1 კვირამდე იმუშავეს. 11 მილი ჩასვეს. ჯოყოლოში ვმუშაობ და ყოველდღე ამ ხიდზე მიწევს გადასვლა. ერთ კვირაზე მეტიც არის, რაც აღარ გაუგრძელებიათ მუშაობა. ხიდის ბოძები მხოლოდ 1,5 მ-ზეა ჩასული. ალაზანი რომ ადიდდება, ამ წყლის დიდ მასას ეს ხიდი ვერ გაუძლებს და დაინგრევა. ვითხოვთ, რომ, როგორც 2 წლის წინ ბოძები 5-6 მეტრ სიღრმეზე ჩასვეს, ასევე, გააგრძელონ ხიდის მშენებლობა.“, – აღნიშნავენ დუმასტურის მაცხოვრებლები.

ხიდის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტექინტექსი“ ახორციელებს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელ ბექა ბაიდაურის განცხადებით, მშენებლობას 15 000 ლარი უკვე მოხმარდა, მისი დასრულებისთვის კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 206 000 ლარი გამოიყო. გამგებელი მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.